|
კერკად აიშანშლა ალუბალი, შაშვმა ღვინობისთვე გვიგალობა, როგორც აუშლელი ნასუფრალი რთველმა გვიფეშქაშა კიმპალობა. და ჰა, გაკრეფილი ვენახიდან შორი სიზმარივით მეძახიან: - წამო, შემოდგომამ გვიწყალობა, თავის შესაქცევი კიმპალობა!.. ჩემი წვრილკისერა, სასაცილო სიყრმის მეგობარი გავაწბილო?.. მიხმობს ატატებულ შვილიშვილით, სახე მისჭკნობია ქიშმიშივით. მისი, მისმიერი, ღვთისმადლია, რაც მის ქვეყანაზე სიმართლეა, რაც მას უგლოვია, უხვნეშია სიყრმის მეგობარი ხარხარებდა მოწმე ქალაქელის გაბავშვების. ზვარში სასაცილოდ აგდებული ყრმობის სათავეში გადავეშვი, მისი ნაშიერის ნუგეშია, რაც ვაზს შერჩენილი კუფხალია ჩემდა გასახარად უხარია. მისმა ბრწყინვალებამ მიწყალობა თავის შესაქცევი კიმპალობა. და ამ საყვარელი ნამცეცობით ყრმობის ორღობეზე გადასულნი ერთურთს ხელმეორედ გავეცნობით ბერიკაცობამდე ხანდაზმულნი. ჩაქრა სიახლოვე გარდუვალის, სისხლმა ჟრუანტელით მიგალობა და ჯერ აუშლელი ნასუფრალით რთველმა მიფეშქაშა კიმპალობა. მტევნის აღმოჩენა მახარებდა, როგორც გაელვება ბადახშების, ყურძნის მარცვლებივით დაბნეული დიდხანს ვგორაობდი ბალახებში, როცა საწყალსავით მიწყალობა ბედმა სამოწყალო კიმპალობა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















