|
რომ გული არ შობილიყო ადამიანში, ძვლისა და ხორცის ამ ცარიელ კაკანათში თავისი ნებით ოდესღაც რომ არ გაბმულიყო, რომ გულის ხმა არ მისწვდენოდა მის დახშულ სმენას, ქრისტე გზაში დაყოვნდებოდა. რადგან განა ჩვენს სახედველს და ჩვენს სასმენელს, და ჩვენს გონებას... გულს მოჰყვა ქრისტე.
როგორც ყვავილი, როგორც ია, ხომ ჰგავს კიდევაც იის კონა შენს გულს მკითხველო! რომ გული არ შობილიყო ადამიანში, გრძნობა ყოველი, რომელიც მან ერთად შეკონა, სულ ცალ-ცალკე დაშრებოდა ნაკადულებად.
რატომ ვიხატები მე იქიდან, რატომ ვიწერები მე იქიდან და სხვა არსაიდან? მე, ცხოვრებაში შემოსული ნაგვისა და შიშის მარაგით და სავსე ისეთი გამოცდილებებით, რომლებიც, თუკი იპოვნიან გულში ნიადაგს, უკვე გულისხმობენ მხატვრულ გამოსახვას, როდესაც გგონია, რომ რაღაცა ცოდნით მოხვედი, მაგრამ, როგორც კი თვალს გაახელ, უცებ იხილავ, რომ ყველა წუმპე რაც კი გზაზე გამოგიტოპავს, აღწერილია უკვე ისეთ უშუალობით, როგორც რიყეზე სოფლის ბავშვები თავის ნაქნავში ჭიებს ქექავენ...
და მოძიება მშრალი ადგილისა. და შენ გიწევს გონების დაძაბვა და ღმერთის წყალობით უცებ აღმოაჩენ, რომ ამ ტექნოკრატიული მგრძნობელობით შეპყრობილ ხანაში, აღვირაყრილი უშუალობის ატმოსფეროში, გრჩება ერთადერთი - შენი გული, სინათლისთვის შობილი და ბნელში ნაჭედი, სადაც სახლობს სუყველა გრძნობა და დროშებიც მარადიულ საზღვრებს არჭვია, სადაც სიყვარული და სადაც იმედი ერთად დარგულია... და მხოლოდ გულია, რომელიც მიგიძღვის. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















