მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 7118 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა

 

 

 ****

 მოვხუცდი, მაგრამ არ მიგრძვნია დაძაბუნება,

 შენს სიყვარულში არ შემცვლია ზნე და ბუნება,

 მე შენი ზილფის ქამანდს ვესვრი გაფრენილ დღეებს

 გახელებული სიჭაბუკის დასაბრუნებლად.

 

 ****

 იუდეველნიც, ქრისტეანნიც შენზე კვნესიან,

 შენზე ღაღადებს სინაგოგა და ეკლესია,

 საკერპეებში წარმართებიც შენზე გალობენ,

 შენა ხარ ერთი, ვისი ხილვაც უამესია.

 

 ****

 შენსკენ ყველა გზა ვარგა, თუკი არ დაჰკარგვიათ

 და შენს საწვდომად ყველას ყველა ხერხი არგია,

 რომელ თვალითაც გიხილავენ - კარგია ყველა,

 რომელ ენაზეც გახსენებენ - ყველა კარგია. 

 

 ****

 მშვენიერს ვუთხარ: დამანახე სახე ფარული,

 ნუ მემალები, მაგრძნობინე მეც სიყვარული.

 გაიღიმა და მიპასუხა: სხვებს მე არ ვგავარ,

 მე ფარდის იქით ხილული ვარ, აქეთ - ფარული.

 

 ****

 შენს მიჯნურს ქვეყნად მთა და ბარი ვეღარ უცვნია,

 რა არის თეთრი და რა შავი, ვეღარ უცვნია,

 ვინც შენს გზად დადგა, მას თავისი გზა დაჰკარგვია,

 ვინც შენ შეგიცნო, იმას თავი ვეღარ უცვნია.

 

 ****

 ვკითხე: მითხარი განშორების მიზეზი კრული,

 მითხრა: ისმინე ამ კითხვაზე პასუხი სრული.

 თვალი ვარ შენი, თუ ვერ მხედავ, ნუ გაიოცებ,

 სული ვარ შენი, ვის უნახავს კაცთაგან სული?!

 

 ****

 - ვის ემშვენები სილამაზით განუცვეთელი?!

 - ჩემს თავს, რამეთუ ერთარსი ვარ განუწყვეტელი.

 სიყვარულიც ვარ, მოყვარულიც და საყვარელიც,

 მშვენიერების სარკეც ვარ და მასში მჭვრეტელიც.

 

 ****

 მთელი სხეული ცრემლად მექცა თვალთგან დამექცა

 და უსახელო სული სრულად შენსკენ გამექცა.

 ჩემგან კვალიც კი აღარ დარჩა, ტრფობა სადღაა,

 მე თუ შენა ვარ, ვინღა გეტრფოს დღეც და ღამეცა?!

 

 ****

 ხელთ რომ აღიღე, მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ,

 სახე რომ მომეც, მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ,

 ჩემთა საქმეთა სადავენი შენს ხელს უპყრია,

 რაც თესე, იმკე. - მე ის ერთი მუჭა მიწა ვარ.

 

 ****

 ცხოვრება ესე წამიერი, ჩქარი წყალია,

 ნუ ეაჯები, შენს სასმენად მას არ სცალია,

 ნურც გულზვიადობ, რადგან არსი ჩემი და შენი

 მტვერი და ნამი, ნიავი და ნაპერწკალია.

 

 ****

 ჰე, თვალი შენი ყველა თვალის წყაროსთვალია,

 უმაგშენთვალოდ ყველა თვალი სხივჩამქრალია,

 ყოველი თვალი შენ გიმზერს და შენ გითვალთვალებს,

 შენს თვალთა გამო ყველა თვალი წყაროსთვალია.

 

 ****

 ქვეყანა ჩვენი სამსხვერპლოა, ტრფობა - წესია,

 არ გვძინებია, არ დავმტკბარვართ, არ გვიკვნესია,

 სამოთხე არ გვსურს, რადგან ჩვენი ჯოჯოხეთიც კი

 თქვენს სამოთხეზე ათასწილად უმაღლესია.

 

 ****

 ჰე, ქრისტეანო, გულწარმტაცო, ბაგეფაქიზო,

 ნუ მიფრთხი, მინდა შენც ჩემდამი ტრფობით აღივსო,

 ხან ჩემს სველ თვალებს ნაგუბარი ცრემლი შეაშრო,

 ხან ჩემს სველ ბაგეს შენი სველი ბაგე აღირსო.

 

 ****

 ტრფობა მეახლა, სულს ცდუნების ჯანღი დააჯდა,

 ცნობა გამშორდა, ცოდნის კვალი გონს არ დააჩნდა.

 ყველამ დამაგდო, მარტოოდენ თვალებმა მიძმეს

 და ფეხქვეშ უხვად დამიფრქვიეს, რაც რამ გააჩნდათ.

 

 ****

 შენში საეჭვო თუ უეჭვო არაფერია

 და ხილვადი და უხილავი არაფერია,

 არსებას შენსას უტყუარი არ აქვს ნიშანი,

 სადაც შენა ხარ, იქ ნიშანიც არაფერია.

 

 ****

 ტრფობა მეახლა და გამიჯდა ძარღვებში სისხლად,

 ჩემგან დამცალა და აღმავსო სატრფოთი ფიცხლად,

 ახლა ვარ იგი, ჩემგან დარჩა მხოლოდ სახელი,

 სხვა რამ სახელი ჩემეული არ დამრჩა მისხლად.

 

 ****

 ქვეყნისეული მხვეჭელობის ჟინით თვრებიან,

 ეს ფარაონის ამქრებია, მოსეს მტრებია.

 უარუყვიათ მათ სიხარბით ყოველი აღთქმა,

 დაუნგრევიათ, დაულეწავთ, დაუმტვრევიათ.

 

 ****

 ქვეყნად ყოველი კვანძის, ხლართის მხსნელი შენა ხარ,

 ,,რის” და ,,რამდენის” ცნების გარე მდგარი შენა ხარ.

 ჩემი სიმდიდრე ის არის რომ მონა ვარ შენი

 და ნეტარება - რომ უფალი ჩემი შენა ხარ.

 

 ****

 ცეცხლში ვიწვი და მეგობარი არ გამაჩნია,

 შორეულ გზაზე თანამგზავრი არ გამაჩნია,

 მაქვს გულის ფსკერზე უამრავი მარგალიტები,

 მაგრამ ვის ვანდო, მეგობარი არ გამაჩნია.

 

 ****

 შენს ღაწვთან მზის და მთვარის სხივი არაფერია,

 სამოთხის წყარო შენს ბაგესთან არაფერია.

 ყოვლისმხედველი ღრმადმხედველად ვიქეც და მივხვდი,-

 შენ ხარ ყოველი, დანარჩენი არაფერია.

 

 ****

 ცეცხლი ცეცხლია, კვამლი იღებს თავის წვის შედეგს,

 ვის ვემართლები თუ ამ გზაზე თვითონვე შევდექ,

 ვინ მემტერება, ამა ქვეყნად ჩემს თავზე მეტად?

 ჰე, ჩემო თავო, რა მოგელის ამ ტანჯვის შემდეგ?!

 

 ****

 დღე ისე გადის რომ არ ძალმიძს ვიღონო რამე,

 ყოფნა-არყოფნის საფიქრალში ილევა ღამე,

 გადის ცხოვრება, რომლის წამიც ცხოვრებად ფასობს

 და მე ფიქრებში ფუჭად ვკარგავ ამ ძვირფას წამებს.

 

 ****

 აი, ის დარდი, სულისმხდელი, გულს რომ მედება,

 ტრფობა, რომელსაც არაფერი ეიმედება,

 თვალი, რომელსაც მიწყივ სისხლი ჩამოსდის ღვარად,

 ღამე, რომელიც არასოდეს არ გათენდება.

 

 ****

 აფსუს, ნანატრი ყრმობის ჟამი დაკარგულია,

 არც სურვილია ლხენისა და აღარც გულია,

 დამძინებია მდინარისპირს დაღლილს და მწყურვალს,

 ამასობაში ჩემი ყოფნის წყალს ჩაუვლია.

 

 ****

 ყოფიერების საიდუმლო არვისთვის არ ჩანს,

 ამ მარგალიტის ასასხმელად ფუჭია გარჯა,

 გონების ძალის დასადგენად ბევრი რამ ითქვა,

 მაგრამ მთავარი მაინც ისევ უთქმელი დარჩა.

 

 ****

გულში სევდა გვაქვს, მკერდს დარდები მწვავედ ფხაჭნიან,

სიყვარული გვაქვს, ცრემლის კვალი თვალებს აჩნია,

გზნება, რა გზნება - ქვეყანას რომ მთლად გადაბუგავს,

დარდი, რა დარდი - წამალი რომ არ გააჩნია...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ