|
სახლს აშენებს პოეტი, ცას შეჰყურებს პოეტი, ელოდება დარებს და საიმედო ამინდებს, და ჰგონია, შეღობავს წელსვე ღობე-ყორეთი, წელსვე გადახურავს და წელსვე მოაკრამიტებს.
გზას ამოკლებს რიყემდე, ზან აგური აკლდება, ხან ქვიშაა ზედმეტი... ეგ რა შენი საქმეა, შენს მაგიდას მიხედე, არც აგური სჭირდება, არც ქვიშა და ცემენტი.
ხარაჩოებზე ბევრი გადაიჩეხა, ფეხაკრეფით იარე, ვიდრე კარგად დაცხრები, შენ არც ეიფელი ხარ, შენ არც არსაკიძე ხარ, ღრუბლის პედესტალებზე დგანან შენი ტაძრები...
თავის საქმეს აკეთებს, მე კი ისევ ვაფრთხილებ: ცეცხლს ნუ ეთამაშები! შენ ქაღალდებს მიხედე, შენს დაბზარულ ფრაგმენტებს, - არც ამინდი სჭირდება, არც ფული და მუშები...
ეფემერულ ოთახებს, სხლავს და წამლავს აბსტრაქტულ ვენახს ტალავერიანს... არქიტექტორს ურეკავს და თბილისში უთანხმებს ინვერსიულ აივნის მეთერთმეტე ვარიანტს.
კვნესის ბიჭო-გოგია, მოდერნისტულ ალიზში ჩამალულან ველები, ტიკტიკებს და ტიკტიკებს წვიმის ტავტოლოგია და ეზოში ქვა-ღორღი ყრია, როგორც ვერლიბრი.
ზეცა გადაიხსნება და მზე დაემსგავსება გამარჯვებულ დეტექტივს, მზეზე გმომჟღავნდება ბუხრის არქაიზმები, სხვენის ალეგორია და ქვევრების ქვეტექსტი...
პროზაულად აცვია, უღიმიან ფანჯრები, როგორც საგუშაგონი, აყურადებს, არ მოსწონს ხერხის ინტონაცია, შალაშინი რეფრენი და ნაჯახის ჟარგონი.
სტრიქონებზე გამოდის, ღობის მაღალ ცენზურას ორაზროვნად გაჰყურებს და სურს ფამილარული ტონით გაეკამათოს გასარითმავ ჩარჩოებს და გარითმულ აგურებს.
ზეცა გადაწმენდილი, ჯვარედინი კაკლები ტყიდან შემოირიგა, უზიარებს თავხეზე ლურსმნის მრავალწერტილი არეკლილი სხივების ლირიზმსა და ლირიკას.
არ აწუხებს ეზოპეს, შეიჩვია ნერგებიც მეტისმეტი ფერებით, დისონანსი შემოაქვს ეპიკურელ მეზობელს, მოაქვს ხაჭაპურების ცხელი მეტაფორები.
დედასა და ქალიშვილს, ჭკუაშიაც უჯდება რჩევა თითო-ოროლა, ანაწილებს, არ ჰყოფნის, ზუსტად ვერ ანგარიშობს მოკითხვამდე გაგზავნილ უკანასკნელ ჰონორარს.
უხავერდოვანესი ქაფჩისა და ჩაქუჩის ნაცნობ მელოდიაში, კუკლასავით ჩამჯდარა თეთრი სახლი მწვანეში (უყვარს ეს შედარება ბატონ სერგო კლდიაშვილს)...
ჯერ არ დაგიკვნესია, მაგრამ მალე ზამთარიც მოგადგება კარებზე, ჯერ ეს თეთრი სასახლე მხოლოდ თეთრი ლექსია, მოდექი და გაისად გალესე და გალექსე.
გინდა საგაისოდაც, ღირს ამ მთებში ოცნება, მიწა ღირს და ზეცა ღირს, ფული რომანტიკული ყვავილია, იცოდე, როგორც ჩვენი ბებერი ფალავანი ეძახის.
კარგად გავაბოლებდი, მოვუსმენდი: წყაროზე კოკა როგორ ივსება... კარგად ამბობს პოეტი, თანაც ქალი პოეტი: „ვინც სახლს არ ააშენებს, მიწას ვერ ეღირსება!..“
მხრებზე ლექსის ჭინკა და გამხნევებად ჩათვალე თანხმოვანთა დასტური, დააყენე დარაჯად სიმბოლისტურ ჭიშკართან რომანტიკულ ღამეში - მთვარე რეალისტური...
P.S.
საუბარი გულღია, საყვედურებს მოველი ცნობილ მედაფდაფეთა, თუმცა ვახტანგ ჭელიძეს წარბიც არ შეუხრია, ჩაიკითხა ჩუმად და, როგორც ხედავ, დაბეჭდა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















