|
ვერაფერს ქვეყნად ვერ შეველიე, ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე, გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს, მსურდა, წამეღო ყველა სიამე, ყველა სიმწიფის მენახა გემო... სიგრძე და განი... ზემო და ქვემო...
ლურჯ კოინდარზე ტყემლების ფთილებს მეძახდა ჩემი ლიხთ-იმერეთი ჩემი პირველი ზღვა და ხმელეთი. ჩემი ბავშვობის გამშრალი ნამი მეც ბაღდათისკენ მივქროდი ღამით.
ყველა ვაჟკაცი მეგობრად მსურდა სამ ადლზე მქონდა გაშლილი მკლავი მე ვიყავ ძმობის გული და თავი. ხან წინაველი, ხან ბაღი დიღმის ვერ შეველიე ტოლებთან ღიღინს.
საინგილოში ავარდნილ ნადირს ჭახ!.. გუგუნებდა გაღმიდან გაღმით და რომ მეგონა გათავდა ექო, ერთს კიდევ სადღაც დაკვნესდა ნაღვლით ალბათ სიცოცხლე არც იმ ხმას ეყო.
წადილით ავსილ ნამიან თვალებს ვეძებდი, როგორც ფრინველი ბაღნარს, მივდევდი, როგორც მდინარე დაღმართს და მხოლოდ ცისკრის იგებდა ჟამი, სად, რომელ ჭერქვეშ მეძინა ღამით.
თბილ შემოდგომის ქარვისფერ დარებს კრწანისში ძველთა ტკბილ გახსენებას, ვერაზე ახალ ბაღთა შენებას და როგორც ზეცას მზე ჰკრავდა ისრებს, მივდევდი ქუჩებს ისევ და ისევ.
ცხოვრების ყოველ ზვირთში ვერიე, გულში ვიკრავდი ამ ტკბილ მზიანეთს, მსურდა, წამეღო ყველა სიამე, წაგყვება რამე?.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















