|
- თამარ გოდებავ, უნაპირო და უსასრულო, თამარ ღვთაებავ: თამარ მზეო, მზეო ჩასულო!
მზე ნამდვილი, ღმერთი ნამდვილი, იქნებ, ხმა იყავ სულის წეწვის, გულის ფრიალის...
სადაც ჩაქრა შენი სანთელი, შენს გარდასახვას ნიჭიც წაჰყვა ჩემი ტრფიალის...
თუ რამ ძალი მწამდა მოწყალის, თუ მწამდა ლხინი, მწამდა ცრემლი ნიაღვარული, -
სიყვარულით ვიყავ ცოცხალი. ჩემს სუნთქვას ერქვა სიყვარული, გულს - სიყვარული.
თუ მქონდა ფიქრი, თუ მიზანი მქონდა კაცური, თუ აზრი წმინდა გულს მეწერა ასოთ, მთავრულით, -
სიყვარულით ვიყავ აღძრული, ჩემს მიზანს ერქვა სიყვარული, აზრს - სიყვარული.
თუ ვაშენე რამ სალოცავი, თუ საქმედ დავდე ღონე ჩემი მკლავში ფარული, -
მე სიყვარულით, სიყვარულით ვიყავ მოძრავი, ჩემს საქმეს ერქვა სიყვარული, ცდას - სიყვარული.
ნავთასაყუდარი, მისი მიწური, სრა-სასახლე, ოდა ყავრული, -
დასაფრენი, დასაბუდარი, ჩემთვის სულ იყო სიყვარული, კვლავ სიყვარული.
ხე დამზრალი გაბმულ ქარებით, ვარ კლდე დაშლილი, მე დაცლილი ვარ საწყაული;
რა განგებით, რა მანქანებით, რით სუნთქავს სული, რა ბუნებით, რა სასწაულით? -
მე უგულოდ ვდგავარ საფლავთან; უგულოდ ბნელა, ცა უტყვია, მიწა ბრმა არი...
უღმერთობა სოფლად დამბრალდა, ო, უგულობავ, უღმერთობა შენთან რა არი!
მეც შენგვარად მოვკვდები, თამარ! დე, გზამ იაროს, დე, თაობას მოჰყავს თაობა;
მეც შენგვარად გავქრები თამარ! საფლავი ჩემიც იყოს ჩემი უსაფლაობა...
უნაპირო და უსასრულო, თამარ ღვთაებავ, თამარ, მზეო, მზეო ჩასულო!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















