|
შენ გევედრები სულით გლახაკი, ვინმე დევნილი სიმართლისათვის, თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი, ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის.
თვალაპყრობილი მოგმართავ ზენარს, მასმინე სიტყვა დაუსაბამო, ნუ ამარიდებ მშობლიურ მზერას.
თვალის წილ თვალი, კბილის წილ კბილი, არ განმიკითხო ცოდვებისათვის, არ განმიტეო უძღები შვილი.
ელვავ, ღრუბლებში შემოპარულო და განმიახლე სულის საყდარი, სასოებაო და სიხარულო.
აღენთო ჭაღი მზიანი ღამის. აელდა თვალი, ტაძრის სარკმელი, განმმარტებელი სანთელი გვამის.
რადგან გწადია ჩვენც გაგიმზევდეთ, რომ იმავ თვალით, რომლითაც გვიმზერ, შენვე გხედავდეთ, შენვე გიმზერდეთ.
რაღას დამაკლებს ჟამთა დინება, თუკი მეოხად ხმა შენმიერი და შენი მადლი მომეფინება.
ოდითგან ქმნილი შენეულ ხატად, გულის სიღრმეში დაფარულს ხედავ, დაფარულთათვის მიმაგებ ცხადად.
იმ პირველ სიტყვის მადლით მთოვარო, ღირსად მყავ შენი გამოცხადების, დამბადებელო და მაცხოვარო.
საღვთო სინედლის არის პირობა, მომმადლე ლექსით აღვსებულ გულის, დაუშრეტელი ოქროპირობა.
აბჯრად ამასხი ძალი თმენისა, უკვდავებისა შთამასვი წყარო, შემასხი ფრთენი აღმაფრენისა.
ეკლიან გზებზე ავათავთავე, რადგან ვით სულის, ნაღდი ლექსისაც, სასუფეველი არის სათავე.
მეოხად ჩვენდა შენგან ისახვის, რადგან კაცთაგან შეუძლებელი, შესაძლებელი არის ღვთისათვის.
ბჭეთა დახშულთა ლოცვავ ფარულო, მარადი მამის მარადო ძეო, რწმენავ, იმედო და სიყვარულო. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















