|
თუკი ქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს, კიდევაც შესძელ ტანჯვის ატანა, შესძელ ალაგმო შენში გურმანი, გაავებული როგორც სატანა. შიმშილის განცდა მწვავეა ფრიად, ვით სიცოცხლეზე აღმართვა ხელის, გვამში გეღვრება ვით ცხელი ტყვია, თავს დაგტრიალებს სიკვდილის ცელი.
მხოლოდ შიმშილი შეგაგნებინებს რა არის პური ჩვენი არსობის. რაა შიმშილი, მეტადრე ჩვენმა გამოცდილებამ უწყის პირადმა, უწყოდა განდიმ, ლიკურგემ ბრძენმა, ნიდერლანდებმა და ლენინგრადმა.
გარემოცვისას ბევრმა ქალაქმა მონის ბორკილი არჩია შიმშილს. რადგან ქალაქი, ვით პიროვნება, თვითაა თავის ბედის მჭედელი, საკუთარ ხალხის და ეროვნების სინდისისაგან მოუკვეთელი.
უკვდავყოს ხსოვნა ხალხის წიაღში, წარუხოცელი დასტოვოს კვალი. სულეთისაკენ ვინ იჩქაროდა, სპარტის დიდებად დელფოსს მისული და მიდიოდა ამ სამყაროდან მისნების დასით გარემოცული.
შიშილით სხეულს გაჰყარა სული, რამეთუ ჰქონდა ამის შეძლება. ერის მსახური, ხალხის მხილება, ბერძენთა დიდი კანონმდებელი, პირნათლად დადგა სამარის კართან, ძლევის მახვილი შეაბა სპარტას.
პიროვნულ ეგოს სულმთლად დამთმობი და უდრტვინველად მსხვერპლად დამდები. სიმდაბლით თვისით გასაოცარი და ვაჟკაცობის დიდი მოძღვარი. რომ ვერ იხილონ სპარტა ძლეული, შორს ფუფუნება, განცხრომა, ფული, მხოლოდ ჯანსაღი სწამდა სხეული დასავანებლად ჯანსაღი სულის.
ვინც ლეკულუსის ნადიმებს მართავს, დაუცხრომელად ახარებს მუცელს, ვისაც თან დააქვს მსოფლიო ხვავი, გადაჟანგებულს მიაგავს ძრავას, და ესე ცხოვრობს, რაც ახსოვს თავი, უიდეალოდ, დუნედ, უძრავად. მუდამ დამუხტავ, თუ გსურს ძალიან ცხოვრების შენის პირქუშ პოემას, იქ სახუმაროდ სადღა გცალიან, როცა სიკვდილთან ნიშნავ პაემანს.
ჯანგალეული სხეული ჭვრეტა, შემაზრზენ შიშად თუ არ გექცევა, გარეშემოთა და შენდა ბედად, მაღალი აზრი უფსკრულთა ზედა კვლავაც აღგმართავს ხელთუქმნელ სვეტად, ჭეშმარიტების შენისა ჭვრეტად, მშობლიურ ცასთან კვლავ შეგაერთებს, რომ შიმშილობა ბოლომდე განდობს საიდუმლოთა დიდთა სიკეთეს, იგრძნობ ტოლსტოიმ, შამილმა, განდიმ, ხორცის მიღება რად აღიკვეთეს. რად არ ემსგავსნენ ცოცხალ სამარეს მარადის ხრწნადი გვამის სათავსოს, ირჩიეს გეზი მხოლოდ მთავარი, დაჰგმეს წვრილმანი ათი ათასი.
მიხვდები, ეგზომ გულმოდგინებით რად ინახავდნენ ძველები მარხვას. შიმშილმა ისე უნდა დაგცადოს და შეგირყიოს სიცოცხლის ღერძი დაუნაყრებლად რომ განიცადო გემოც, ხარისხიც ყოველი კერძის.
მიხვდები მიზეზს ჩვენთა ქელეხში, ხორცეულს რატომ არ ამზადებენ. სწორედ ის არის გასაკვირველი, როს ახარისხებ კერძების წყებას, იგრძნობ, რომ შენში თავდაპირველად უხეშ საკვების სურვილი ქრება.
იგი ჰგავს განცდას მიცვალებულის რომ ემიჯნება მიწიურ ყოფას. და გინელდება მაშინ წყურვილი, ეს თვითდინება აღარას გკითხავს, ანაზდად ქრება ხორცის სურვილი, სურვილი პურის არ ცხრება დიდხანს.
არასდროს შეშად მას არ აქცევენ, ცეცხლზე არასდროს არ დაიდება. ნთქავს მატერიის ჭია და ჩრჩილი, არავინაა აქ დაზღვეული, ძმარდება ღვინო, ფუჭდება ხილი, ბაღჩეულობა და ბოსტნეული.
ფორმადმქმნელ ძალთა სრული მარაგით, ერთობ ხანგრძლივად სძლებს თესლეული, სიქველეს ფრიად ვერ ჰგუობს შური, რძისმიერ ნაწარმს სიმჟავე მძაფრი, იხრწნება ხორცი, ობდება პური, არვის უხილავს ხრწნადობა თაფლის.
ყვავილის წვენი რომ იქცეს თაფლად, ამისთვის წუთიც საკმარისია. მთელი ზაფხული მზე იღწვის ასე, უანგაროდ და დაუყვედრებლად, ამადაც გარჯა ფუტკართა დასის, მის კოლოსალურ ძალას ედრება.
სადაც პეპლების კორიანტელი, მინდვრის ყვავილებს ცით დაჰფენია. ტაძრებს მოჰმადლეს წმინდა სანთელი, წმინდაა, რაიც ყვავილ მტვერია, რადგან უფლისად ხამს მისარქმელად, რაც მხოლოდ უფლის შესაფერია.
სამყარო ელავს როგორც კანკელი და ენა მისი ერთობ მჭევრია. არ დაიმცრობის მისი სახელი, რაიც აშკარად უფლის მწერია, რამაც შთაღვარა თაფლში ნათელი, მზის სასწაულად და მისტერიად.
მთელის არსებით რათა განსაზღვრო მისი ბუნება და სუბსტანცია. ვგრძნობ, როგორც სიზმარს, თითქო მითიდან, ვით ნამსხვრევები ძვირფას ზოდების ხსოვნაში მშვიდად ამოტივტივდნენ, ცხოვრების ჩემის ეპიზოდები.
არ ვაწუხებდი დიდად დედაჩემს, თუ მცენარეულს ვითხოვდი საკვებს. როს ოკულტიზმის ნესტრით ვეწამე, ფილოსოფიის ვეწიე სიბრძნეს, მეც შევიცვალე და რძის ნაწარმის მოთხოვნილება ანაზდად ვიგრძენ.
ოდეს შევები პოლიტიკაში, კვლავ ვეზიარე ხორცსა და ღვინოს, თუმც ურთიერთში არ ავურიე, საპირისპირო ორი საწყისი, სჩანს ნებისმიერ სწრაფვას სულიერს, ამსოფლიური აქვს შესატყვისი.
აქეთ ნახევრად ამოხდილ სულით, იქით ერთთავად ჩონჩხად ქცეული. სამშვინველი კი თუ დარჩა ვალში, როს მთელი ზეცა აირეკლება, მოგვხედე მაღლით ღმერთო, შენი აღთქმით და დანაპირებით.
ისევ წვალება, ისევ წუხილი, გამოსაცდელად ჩემდა წვეული, სიკვდილის პირას ვიყავ წუხელის, მაგრამ დაბრუნდა, მომწყდა ძლეული, ბუნების წესებს არ მოხედავენ, ეგზომ უშუალოდ ჩვენში რომ იშვის, და ხელოვნურად ვისაც კვებავენ, შეუნელებელს განიცდის შიმშილს. ტანჯვაში ვერვინ შეეცილება ამგვარი ხვედრი ვისაც არ ასცდა, ებრძვის შიმშილის გამოცდილება, უკმარისობის შემზარავ განცდას.
ფეხი არც იქით და აღარც აქეთ, სულს ვეღარც ვღაფავ და ვეღარც ვითქვამ. ფიქრობ, აღსრულდი სანამ დრო არის, საგზურს მიწისას რა თავში იხლი, სიცოცხლე განა უვალო არის, ამაოებით თავს რატომ იღლი.
ოღონდ კი ტანჯვის ყოველი წუთი, ცნობიერების არეს შეეხოს, მაგრამ ჩვენ ვიცით ცხოვრების ფასიც, გვაქვს წამიერი ვალის შეგრძნება, განვლილ დღეთათვის ვაგებთ ჩვენ პასუხს, სხვისგან ნუ ელით პასუხისგებას, როცა არ ვჩქარობთ, თვალში არ მოგვდის, თითქო განცდაა ჩვეულებრივი, სიკვდილი როცა თავისით მოდის, არის დროული და ბუნებრივი.
მოვიდეს, წყლულებს ნუ გავიახლებთ, თუნდაც დღეს, თუნდაც ასი წლის შემდეგ. არ დაგჭირდება ჩვენ ახსნა ვრცელი და განმარტება იმისთვის რათა, მივხვდეთ ჩონჩხი და ელვარე ცელი, რად მიიჩნიეს სიკვდილის ხატად.
ჩაუკირია სიმყიფე წლებში, სულს გამოსწოვა ფორმადქმნის ძალა. და ამ ხრწნადობის ნებით მძლეველი, ვინც შეუპოვრად მიაპობს ტალღებს, მიხვდება, ცათა სასუფეველი რატომ ამსგავსა იესომ ბალღებს.
იმის წინაშე მორჩილის სახით, ბრძენიც, ყარიბიც რატომ მუნჯდება? ნაჭდევი რატომ არ უმწვავდება, ანაზდად ფეხი თუ მოუცდება, ბოლოს მოხუცი თუ დაშავდება, ტრამვები რატომ არ უხორცდება?
თუ ძველი სიბრძნე და ტრადიცია რად აიგივებს ანგელოზს ბალღთან. იქ კვლავაც ვხედავთ მბრუნავი ქცევის, ვით უძღებობის ჩვენისა მიზეზს, ხელახლა ბალღად თუ არ ვიქცევით, სასუფეველში ვერ მივალთ ისე.
ის სანუკვარი საცაა მხარე, სადაც მართალნი განისვენებენ. ეგეც ვიკითხოთ, განა ღირსი ვარ შევერთო წმინდა განსასვენებელს, ეგება ცოდვის მორევში ვზივარ, ღირსი არა ვარ მათი ხსენების.
და ამის შემდეგ კი მაქვს უფლება, ვახსენო უფლის წმინდა სახელი? უფალო, ღირს მყავ ჩემი ერისთვის არ შევეპუო ხვედრის სიმძიმეს, აქ გამოვლილი სატანჯველისთვის, იქაურ ტანჯვას ნუ შემიმცირებ.
ღირსად მყო ძისად შენისა ჭვრეტად, ჩემი ცხოვრების სამაგალითოდ. განმისპეტაკე მაღალო ცაო, გველისა ტრედთან შეხმატკბილება, ბალღურ სიწმინდეს რომ შევუზავო ცხოვრების ჩემის გამოცდილება.
სადაც მუსიკობს სფეროთა ქნარი, გამომძერწავი სახეთა, გვართა. გამოუთქმელმან აგვასხა ფარი, გადაგვაფარა წყალობის კალთა, ძე მოგვივლინა ვით გზა და კარი, ვდგავართ ახალი ცხოვრების კართან. გადმოგვასხურა ციური ცვარი, გადაგვეფარა სიწმინდის კვართად.
დაუფარავად გვამცნო ვინ არის, პურიც, სახსარიც ჩვენი ცხოვრების. ფიქრთა ნაკადი იმედებს გისევს, კვლავაც იქუხებ, თუ ისევ მორჩი, თუ ვეღირსები ნეტავი ისევ, იმ ჰარმონიას სულის და ხორცის.
თუ მეღირსება ნეტა გამზირზე, ამაყად დგომა ნაცნობ ჭადრებთან. კოლხეთით ტკბობა რიონის პირზე, მუხლის მოდრეკა ქართულ ტაძრებთან, ეს თუ არ მოხდა აღარ ვინაღვლი, ცხოვრება ჩემი განვლიე სწორად.
წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო. გინდა მომკალ და გინდ დამარჩინე, მასზე მეტი ვარ, ვიყავი რაცა, გმადლობ უფალო, რომ გამაჩინე, აუხდენელი ოცნების კაცად.
მიზანი მუდამ მაქსიმალური, სურვილი მხოლოდ შეუძლებელის. შენგან მივიღე მძლავრი სხეული, ჯანმრთელი, მკვრივი, არცთუ სნეული, ახლა, რომელიც ჩონჩხად ქცეული, ჰგია, გამხდარი და გალეული.
სატარტაროზოც, საანგელოზოც, ეს სული შენთვის გადმომიცია. რა უნდა მქონდეს აქ დასარჩენი, თუ მიმელიან და იქ მნატრობენ, აღურაცხელნი მოყვასნი ჩემნი, საიქიოში თუ ბინადრობენ.
სერიოზულ შედეგს აქ მიაღწიო, მიწაზე უნდა იცხოვრო დიდხანს. რადგან შენს მიზნებს ვეღარ ვიაზრებ, აღუწერელო კაცთაგან ენით, სავალნი დღენი ხამს განმისაზღვრო, ამადაც იყავ ნებაი შენი.
ადგილი ჩემი მან მიმიჩინოს, ზედმეტი ბარგი არაფრად მინდა. რამეთუ მწადის, დიდო გამჩენო, მოსახდენს ზურგი არ შევაქციო, სურვილი შენი, განზრახვა შენი, მიზნები შენი - ჩემად ვაქციო. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















