|
ლიფოდა... ხადუ... ხალდე... ახადი... მე არ მეგონა თუ აქ გნახავდით - შუმერის ჯვრებო ქვებზე ნახატო!.. თუ მეყოფოდა პური მცხეთამდე, ძველი ღმერთიდან ახალ ღმერთამდე, ერთი ნაბიჯი მრჩება ლეთამდე - ახალი დროის საგიჟეთამდე!..
მაშინ იფიქრებ - ნეტავ სადა ხარ!? რომელი ჯვარი ჰქონდა იახსარს - დევის სისხლში რომ არ დაიმარხა... გაფიქრებს ქარდუს ქვების დანახვა, - და მუცოს კედლის გვერდზე გადახრა - გატკივებს გულს და ლოცვას განდომებს, ეს ქვები სიტყვას აღარ განდობენ... ხერთვისის ჭალებს ჟამი გადახნავს - ბედისწერული ძალის თანახმად: წყალში ეფლობა ჯვარი ჟინვანის: შენი “ნანი” და შენი "ინანი”... გვიან მიხვდები - როგორ დაგმარხეს! როცა მიხვდები მერე ინანი...
ხალდე... ხადუ... ახადი... ხეთური ჯვრები ქვებზე ნახატი!.. ეს მოკლე გზაა მცხეთის სახლამდე, და ერთი სუნთქვა - ქრისტეს კვართამდე!.. გაფითრებს მცხეთის ჯვარის დანახვა - ანუ - ჟრიალი საღვთო სამარხთა... სიცოცხლის სხივი ორად გაყრილი: როგორც ხოგაის - მინდის აჩრდილი...
ის საქართველო დავით IV - ის!.. |
















