|
გინახავს ლურჯი ტაძარი, კლდის ქიმზე დაკიდებული, ჩვენი წარსულის ზღაპარი, ზეცაში გარინდებული?
გლეხკაცის მადლით ნაგები, ტაძარი, ირგვლივ შემკული ნისლების ბაირაღებით?
როცა აჰყვები ბილიკებს, როცა მაღლიდან დაგცქერის გარინდებული კვირიკე?
ჩამქრალი კერის ნაცარი, აფეთქებული კვარებით განათებული ტაძარი?
შავი მღვიმე და უკუნი, გსმენია ქარის ჩურჩული, ან წინაპრების გუგუნი?
უხმოდ მოსული ცისკარი? გინახავს მზის მობრძანება გალაღებული, ცინცხალი,
ნანატრ ზღაპარში ხილული, ზეცაში გადმოკიდული ალმოდებული ყინული?
ჩიტების ფრთების ფათქუნი, მათი წარმტაცი გალობა - ჩვენი ლამაზი ქართული?
როცა აჰყვები ბილიკებს, როცა მაღლიდან დაგცქერის გარინდებული კვირიკე.
მაღლა, ზეცისკენ წასული, ზეცაში გარინდებული - მოსაგონარი წარსული? |
















