|
მე უკვე ვეღარ მიხსნის ვერავინ, მე უკვე თოვლში ვწევარ ყელამდე და როგორც მშიერ ყვავების გუნდი სიცარიელე მიძიძგნის ძარღვებს. მე უკვე ვეღარ მიხსნის ვერავინ, უკვე, შენდობას და მიტევებას გადაჩვეული, წყვდიადი მიხმობს. წყვდიადი მიხმობს და სარკმელს იქით შეშლილ ქალივით როკავს სინათლე, მე ამ სინათლეს დიდხანს ვმალავდი, როგორც ნაჩუქარ და ძვირფას ნივთებს. დიდხანს ბზინავდა ბნელში სხეული დაღლილი, მთვრალი და შემცივნული. მერე დამტოვეს შენმა წვიმებმა, შენმა ქარებმა. მე უხერხულად ამოვტივტივდი წყვდიადის ქიმზე და შემეშინდა თვალის გახელის. მე ვიცი, ის გზაც შენთან დამთავრდა, რადგან ღმერთებმა ასე ინებეს, მე ვიგრძენ, ალბათ, აღარასოდეს შევძლებდი მეთქვა: "გესმის, მიყვარხარ." სიტყვები, როგორც ბალახში გველი, იწვნენ სხეულში და ჩუმად თრთოდნენ დასრულდა. კედელს ვებღაუჭები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ შენგან. ან იქნებ დროა... ან იქნებ კმარა... ო, ღმერთო ჩემო, სანამდე... რატომ... გარეთ ქარია და ოთხ კედელში გამომწყვდეული ტკბილი ჟონავს, როგორც გამსკდარი გულიდან სისხლი მე ეს ცრემლებიც ჩამოვარიგე, მე ეს ნიღბებიც მტვერს მივანებე და გადავუსვი ხელისგულები, როგორც დაჟანგულ, მძიმე იარაღს, გადასაგდებად რომ ვერ იმეტებ. გარეთ ქარია. მე თითქოს მძინავს ან უფრო სწორედ: ასე ჰგონიათ, გამოვიპარე შენი სიზმრიდან შეშინებული ჯარისკაცივით. მე მეშინია, მდუღარე ვნება მითუთქავს თვალებს. სანამდე... რატომ... ავადმყოფივით ჩავყურებ ღამეს, იქნებ მის ფსკერზე ენთოს ცეცხლივით ტკივილის ლურჯი, ნათელი ფესვი. ვუმზერ აივნებს და კენწეროებს დაშეუმჩნევლად ვუახლოვდები, როგორც სველი და სუსტი ბეღურა საკუთარ ბუდეს, მე თურმე ვტირი.. მე სულში მიმზერს ათასი თვალი და მიფათურებს ეკლიან თითებს, მინდა, გაქცევა, მაგრამ ღამეში აგდია დაღლილ ვნების ნამსხვრევი და გმინავს, გმინავს გამთენიამდე. |
















