მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
ჰეი, რომელნიც ეძიებთ უფალს სადღაც თქვენს მიღმა, სადღაც თქვენს იქით, ვერსად იპოვით სხვაგან, რამეთუ თქვენშია იგი, თქვენშია იგი.
ფუჭი ძიება რისთვის გარგიათ. რატომღა უხმობთ, რატომღა ეძებთ მას, რაც არასდროს არ დაგკარგვიათ.
თქვენა ხართ სიტყვა, თქვენა ხართ წიგნი და ზეციერი მოციქულებიც თქვენა ხართ მხოლოდ, თქვენსავე შიგნით.
თვით სასწაული და საოცრება, თქვენ ხართ იესო, ცათა სიმაღლე და ქრისტიანი ბერის ოცნება. თქვენ ხართ მგზავრი და თქვენვე მეგზური და ყოველივე თქვენში ცხადდება.
ხან მოამბენი ხართ მიწიერი, ხან ფერი გაძევთ მღვრიე ნალექის ხან გაცისკროვნებთ შუქი ძლიერი.
და გარე-გარე ნუ იარებით, რამეთუ თქვენ ხართ სადგომი ღვთისა, მას დიდ სიყვარულს ნაზიარები.
ზეცა და მიწა, მყიფე და მყარი. მარადისობის არსი თქვენა ხართ თვითონ სიკვდილის გარეშე მდგარი.
და ღვთაებრივი ისმინოთ ჰანგი, გააპრიალეთ სარკე სულისა, ჩამოაშორეთ ჭუჭყი და ჟანგი.
თქვენგნითვე ვცან და ვიჭეშმარიტე, ამ არსებობით მოარსებენო, სიუხვეს თქვენსას სიტყვა არ იტევს.
განფენილია საუფლო თქვენი. ხართ სიმაღლეთა გარდამეტება გამოუთქმელი გონით და ენით.
ის, რაიც რუმის ბაგეთგან ითქვა, თქვენ ძალგიძთ ახსნათ და შეიმეცნოთ ყოველი აზრი, ყოველი სიტყვა.
შამსე თაბრიზი თუკი მეუფებს სულის მეოხად, ბნელის ყადაღად, დიდსულოვნების მაძიებელნო, მოდით, სადა ხართ! მოდით, სადა ხართ! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |