მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 683 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

Ι

 

ყავლი გაჰსვლოდა ზამთარსა,

მიჩანჩალებდა ჩუმადა…

ქვეყნად არც ერთმა სულდგმულმა

არ გააცილა ძმურადა.


ყველა მისძახდა: „გაგვშორდი,

რაც გვტანჯე, ისიც კმარაო,

ჩვენი ყოფა და ცხოვრება

სულ შენგან დაიცარაო!“

სწორედ აქ ბინა აღარ აქვს,

ადგა და გაიპარაო.


გაზაფხულს ჯარი მოუდის,

მეტი არ არის ჩარაო;

ზამთარმა ჯაგლაგი ცხენით

მთა და მთა შეიარაო.


ძალიან დაღვრემილიყო,

ძალიან გული სტკიოდა,

ვაების გამომხატველი

თვალთაგან ცრემლი სდიოდა.


აღარ იხედავს უკანა,

არ უნდა ნახოს ჭალები:

ცოცხალს რომ ჰნახავს ტყე-ველსა,

ზამთარს დაეწვის თვალები -

გაუდიდებენ კაეშანს

მინდვრის პატარა ქალები.


ერთ პატარა ხევს მიადგა,

იმაზე გასვლა მაუხდა,

და, ვერ უყურებთ თავხედსა,

რომ ისიც მტრულად დაუხვდა!..


გუშინწინ ჩუმი, დღეს ჰყვირის

და გზას უღობავს ბატონსა;

მტრად აეკიდა ნაკადი

კუდალა ცხენის პატრონსა:


ხევზე გასვლის დროს მოხუცსა

კინაღამ ცხენი წაექცა

და სამუდამოდ კინაღამ

ზამთარს ოჯახი დაექცა.

 

ΙΙ

 

აგერა გაზაფხულიცა

მოაქროლებდა მერანსა,

წითლად და მწვანედ ჰმოსავდა

ქვეყანას მწირს და ვერანსა.


თან მოსდევს ყვავილთ კონები,

ფრინველთა გუნდი ათასი…

წინ გადაუდგა მოხუცსა

ვაჟკაცი ლაღი, კაპასი


და უთხრა: - გამარჯვებაო!

რაღას ჰგვიანობ, ბიძია?..

დადიხარ მშიერ-ტიტველი,

გუდაში არა გიძია.

დროა, იგემოს ქვეყანამ

ლობიო, ბალი, ქინძია.

რად გიყვარს ქვეყნის წვალება,

რადა ხარ აგრე ბილწია?


კარგი, რომ შუა გზას შეგხვდი

და არ მოგასწარ ჭალაზე:

ვერ დაგიხსნიდა ჭაღარა,

გაგმათრახავდი ძალაზე.


- არ მიკვირს შენის ჭკუისგან,

მჯერა, არ გინდა ფიცია. -

უპასუხებდა ზამთარი,

ყელში ედება ხრინწია:


- ერთის თვის წინათ სად იყავ,

ახლა რომ მიტევ, „ვაჟაო“?!

ვერას გაჰხდები, ზამთრისგან

ქვეყანა დაიბაჟაო.


თქვენ სამთა ძმათა ამაგი

სულ ჩემგან დაიხარჯაო.

კვლავ კიდევ მოვალ, სიცოცხლის

ჯერ კიდევ მიცემს მაჯაო.


დამჭლევებული ჩემგანა

ცხვარი, ძროხა და ხარები

ძლივს დაათრევენ ფეხებსა,

დადიან, როგორც მთვრალები;

ეცადეთ შენ და ზაფხული,

რომ გაუნედლოთ ძვალები.

 

ΙΙΙ

 

- მამაშვილობას, მითხარი,

ვინ გძულს, ვისი ხარ მტერია?!

ათასგან დაიარები,

გიცნობს სხვადასხვა ერია.

ან სიყვარული შენს გულში

ქვეყნად ვისიმე სწერია?


- ბავშვები მიყვარს, სხვა არვინ,

ხელ-ფეხ-ფუნჩულა, ცელქები;

სხვა ყველა მიფრთხის, მემალვის,

როს ქვეყნად დავეხეტები.


ჩემის სიცივით მე მცივა,

ყინვისგან ტყვრება ქვებია…

მისტუმრეთ, თქვენი ჭირიმე, -

ქვა-ლოდებს ვეხვეწებია.


არ მიმიღებენ… ბალღებს-კი,

ამათ არ ვემეტებია;

ბინად მაწვდიან ხელ-ფეხსა

და მეც იქ ვიკვებებია.


ბავშვებს ვუყვარვარ: უეცრად

გამოცვივიან კარშია,

არ გრძნობენ, მზირას ვუდგევარ,

მივარდებიან ბრჭყალშია.


ან გუნდაობენ, კიჟინით

არბეინებენ ციგასა.

არ ესმისთ დედის ვედრება,

ყურს არ უგდებენ ძიძასა…

აქეიფებენ ბალღები

ამ თავის მოხუც ბიძასა.


მეც ვიკვებები, იმათაც

არა ევნო-რა ამითა;

თუმც ზოგჯერ მჭვალს შესჩივიან

მშობლებს ისინი ღამითა,

არა უშავთ-რა, გაუვლისთ,

წვალობენ ერთი წამითა.


- რა გულქვა რამ ხარ, მოხუცო,

სუსტთა და ჩვილთა მტერია!

შენ თუ დასტანჯე, იმათთვის

მომაქვს ყვავილი ბევრია…


წადი, აჩქარდი, ეცადე,

რომ მალე ავლო სერია;

თორემ, ხომ ხედავ, ღრუბლებსა

ჰსურს თავში დაგკრას კვერია,

დაგკრას და დაგანიავოს,

ზურგზე გადინოს მტვერია.

 

ΙV

 

ცამაც ჯავრობა დაიწყო,

იელვა, დაიგრიალა,

და თბილმა, ჟუჟუნა წვიმამ

მიწაზე დაიშრიალა.


ზამთარი ფაცი-ფუცითა

მირბის, მიიბრძვის ზევითა;

ჰხედავს, რომ მისი ბრძანება

აღარვის ესმის ქვევითა.


აბრძანდა იალბუზზედა

და, დიდ ყინულებს გვერდითა,

ისიც თეთრ ჯავშან-მოსილი

დადგა იმ თავის ცხენითა.


იქ მოიბრუნა მან გული,

იქ განისვენა შვებითა;

წამოწვა პირით ცისაკენ,

ჩვენკენ - ზურგით და კეფითა.

დროს ელის, ისევ გვესტუმროს

ჩვეულებრივის წესითა.


ხოლო გაზაფხულს თავს ადგას

თვალ-მარგალიტის გვირგვინი,

იგი ბრძანებლობს დღეს ქვეყნად,

ამას არ უნდა ჩიჩინი!..


მინდორში ღელავს ჯეჯილი,

ბალახი ყვავილიანი,

ჰყვავის ათასფრად ბაღები,

ბაღჩები მწვანილიანი.


ვერ ძღება თვალი კაცისა

ქვეყნის სიტურფის ცქერითა

და ყური ათასნაირის

ფრინველთ გალობის სმენითა!..


დიდება ისმის უფლისა

სულდგმულთ სხვადასხვა ენითა…

წყალნიც-კი ღმერთს ადიდებენ

ლაღად ტალღების დენითა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვაჟა- ფაველა  • • •   ვაჟა-ფშაველას პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ