|
თენდება, ყვითლად დაშრა შანდალი სველი ვარდივით მიდგმული კედელს, - აყრია ხატებს ბზა შარშანდელი და მწუხარება უთქმელი დღემდე.
საკუთარ იღბალს ბოლომდე ვენდე, ოდეს ჭაღების ბრდღვიალა ბროლი უსმენდა მოცარტს, ბახსა და ჰენდელს.
თეთრ მაგნოლიებს ლილისფერ გედებს... - ვიცი ბევრ რამეს დამაბრალებენ ან ახლა, ანდა ცოტა ხნის შემდეგ!
ოდესმე მაინც გაიგებს ვინმე... - ბეჭებზე მიდევს ლოდინის ლოდი, ყოველდლიური ცოდვებით მძიმე!..
ვერ დავთმე სიტყვა ფერი და ბგერა, და მავანივით მხოლოდ ნაცრიდან ვერ გამოვძერწე სიმღერა, ვერა!
წყალწყალა თოვლით გალუმპულ ფრთებით, ვაგროვებ როგორც გატეხილ სარკეს დარდს და იანვრის სითეთრით ვთვრები.
თავაზიანად მხვდებიან მტრები, თვლემს ნებიერად და იზმორება ქალაქი თვალთა ელამი ვნებით.
ჟინჟლავს მარტივით, მამტვრევს, მცივა და შენ მენატრები! და ძველ რვეულში ისე მარტივად აგვისტოს სვამენ ოლეანდრები.
შერხეულ ფარდით და ჩრდილი სარკეს პირისპირ უზის, ოთახში დადის მოხრილი ლანდი მძიმე ეჟვნებით ასხმული კუზით...
მიმქრალი ბუხრის მილეულ სითბოს... ლალით და ლილით თლილი სტანსები ვიღაცამ კიდევ იმღერა თითქოს.
მთელი ცხოვრება გიჟივით ველი, მაგრამ ერევა მოღრეცილ ნიღაბს ღიმილი მწარე და შიშისგვრელი...
სიჩუმით მთვრალი, გადარეკლილი ფარდაგით ჭრელით, - და ახლა როგორც სიცხიანს წყალი, მე მინდა შენი გამხდარი ხელი!
დრო კი ტრიალებს. როგორც კორიდა... - ჭორით მაძღარი თბილისი ახლაც ჭოგრიტით ხელში მიმზერს შორიდან!
ჩემს ფიქრს არეულს სანამ ქუჩებში გაფენდეს ვინმე, თორემ ჩემს სხეულს მთვრალს და მთვარეულს გადავაკივლებ იანვრის ყინვებს!..
ყვითლად დაშრა შანდალი სველი ვარდივით მიდგმული კედელს, აყრია ხატებს ბზა, შარშანდელი და მწუხარება უთქმელი დღემდე. |
|
პოეზიის გვერდი • • • |
















