|
- ცხრა მთას იქით? - არა! არც დიდი ხნის უწინ... აგერ ცხოვრობს მეზობლად ერთი ძუნწზე ძუნწი. მის ეზოში ძროხაც ბღავის, დეკეულიც ზმუის... - ღრუტ... ღრუტ... - მეე... მუუ... სულ დგას ჰაი-ჰუი.
არც ყველს მოგცემს, არც ნაღებს და რძეს... მაგრამ, მაგრამ... რაღა მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს: - ბზზ... ბზზ... - ბზზ... ბზზ... - ბუზანკალი ბზუის. - ღრუტ... ღრუტ... - მეე... მუუ... - ატყდა ჰაი-ჰუი.
და ზედ შუბლზე დაასკუპდა... ცხენს! - როგორ თუ ცხენს დააჯდაო? - შეიშალა ძუნწი, მოუღერა წალდი, წამოვიდა ძურწვით, დაუმიზნა, დაუმიზნა, მოუქნია, - ჰოპლა! ბუზანკალი? აფრინდა! ცხენი? ცხენი მოკლა!
* * * * * * *
- ბზზ... ბზზ... ბუზანკალი ბზუის ისევ ისე ბზუის: - ღრუტ.. ღრუტ - მეე.. მუუ.. - ისევ ჰაი-ჰუი.
და ზედ დინგზე დაასკუპდა... ღორს! როგორ თუ ღორს დააჯდაო? - შეიშალა ძუნწი: მოუღერა წალდი, წამოვიდა ძურწვით, დაუმიზნა, დაუმიზნა, მოუქნია, -ჰოპლა! ბუზანკალი? აფრინდა! ღორი? ღორი მოკლა!
* * * * * * *
- ბზზ... ბზზ... ბუზანკალი ისევ ისე ბზუის. - მეე, მუუ... - მეე, მუუ... - ისევ ჰაი-ჰუი.
და ზედ შუბლზე დაასკუპდა... ხარს! როგორ თუ ხარს დააჯდაო?.. შეიშალა ძუნწი, მოუღერა წალდი, წამოვიდა ძურწვით; დაუმიზნა, დაუმიზნა, მოუქნია, - ჰოპლა! ბუზანკალი? აფრინდა! ხარი? ხარი მოკლა!
* * * * * * *
- ბზზ... ბზზ... ბუზანკალი ისევ ისე ბზუის. - მეე, მუუ, - მეე, მუუ... - ისევ ჰაი-ჰუი.
ბუზანკალი დაასკუპდა... ძროხას! როგორ? ძროხას დააჯდაო? შეიშალა ძუნწი; მოუღერა წალდი, წამოვიდა ძურწვით, - დაუმიზნა, დაუმიზნა, მოუქნია, - ჰოპლა! ბუზანკალი? აფრინდა! ძროხა? ძროხა მოკლა!
* * * * * * *
ცხრა მთას იქით? არა! არც დიდი ხნის უწინ - ახლაც ცხოვრობს მეზობლად ერთი ძუნწზე ძუნწი. რომ კვდებოდე, არც ყველს მოგცემს, არც რძესა და ნაღებს; მაგრამ... მაგრამ... რაღა მაგრამ, - თქვენი თვალით ნახეთ, აღარც ძროხა, აღარც ცხენი, აღარც ჰაი-ჰუი... ბუზანკალი? - ბზზ... ბზზზ... ისევ ისე ბზუის. |
















