|
ასწლოვან მუხებში გაშლილია მდიდარი სუფრა: გარდაიცვალა თავადი ფრიდონ.. ჩინებული აღაპია! ღატაკი აზნაური - კოწია თავაზიანობს ნამეტანს: - კარტოფილს არ მიირთმევთ, ქალბატონო აგრაფინა? მანდილოსანმა გადაიღო მცირედი ულუფა - ღიმილით ნაზით. მამაკაცები ეწაფებიან უშველებელ ყანწებს. კოწია-არწივი გახტრიონის, აგრაფინა-ვარდი შირაზის - ეარშიყებიან ურთიერთს - მოდგნენ ხასიათზე - რაღაი გაძღნენ.... ოოო! ეს კი აღარ ვარგა! - კოწიამ ყელი მოიღერა სამღერლად - დაიჟინა: ქორწილში ვართო! არწმუნებს აგრაფინას: მე ვარ.. იადონი! და შენზე ვიწერ ჯვარს დღეს, ქორფა ვარდო! სირცხვილი არ გვაჭამო, თუ ძმა ხარ, კოწია! კაცო, ქელეხია, რამ გააქორწილა! - აღშფოთდნენ კოწიას სახლიკაცები, მისწი-მოსწიეს მძიმე ყანწები, წამოაყენეს კოწია, გაიყვანეს გვერდზე... კოწია ბალახში ქუდს ეძებს- წაქცევაზეა, მუხლები ეკეცება... რაღა ექუდება, რაღა ეძებნება- ხითხითებს აგრაფინა და... - ეს თუ აღაპია, ამასაც ვიკითხავ-ცხარობს გარსევანი. - ხალხს თვალი უჭირავს ძღომაზე! გაქცევაზე! მერე: წითელი კუბო ორღობით მიაქვთ... მერე: საფლავზე ამოდის ია და იმ მიწას, საცა ბალახია - ფრიდონ წერეთლის საფლავი ჰქვია... და რა თქმა უნდა: ტირიფიც იქვეა... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















