ამგლიჯა გული შავმა ყორანმა, წაიღო, სწიწკნის იქვე მარჯვესა; ნიშნის მოგებით თვალს გადმამავლებს, თან მაგრა უყრის ნადავლს კლანჭებსა. მე შევცქერივარ, მინდა რამ ვუთხრა, მაგრამა ვდუმვარ, მდის ცრემლის ღვარი. ხელ-ფეხს ვერ ვხმარობ, მხოლოდ ვდუდუნებ: „რად ვარ ცოცხალი, ბედ-განამწარი?“ მინდა ვიძიო სისხლი მტარვალის, მინდა, რომ დავცე გულში ხანჯარი: დამდუნებია მთელი სხეული, ამაო არი აბჯარ-აბგარი. ვერც თვალს ვაშორებ, მინდა ვუცქირო ჩემის სიცოცხლის კვლას და წეწასა. მესმის საზარლად ზედ დაყრანტალი. ფუჰ ამისთანა თვალთა ხედვასა! აღარავინ მყავს, ნეტავ, თვის-ტომი, არვინ მიუტანს ამბავს დედასა? ან მეგობარი არ აღმიჩნდება, უწამლოს რამ ჩემს ტანჯვა-კვნესასა? სადა მყავს ძმები? ვითომა მყვანდნენ? არავინ ეტყვის, ნეტავ, ჩემს დასა? იმავ წუთაში აქ მოიჭრება, პირს დაიღადრის, გაიგლეჯს თმასა. დაღალულს თვალებს მიდამოს ვავლებ, აბა, არავინ არ იღებს ხმასა! მოდის და მოდის შავი ნისლები, წინ მოუძღვება, მოზუის ქარი. ვარ ერთს ადგილას გაქვავებული, მდის უშრეტელად ცრემლისა ღვარი. მითამაშებენ თვალ-წინ ჭინკები, გადაუდვიათ მხარზედა მხარი: „ძალიანა გწყინს?“ – მეუბნებიან, „უარესს ჰნახავ, ეგ ცოტა არი!“ სააქაოსგან უარყოფილსა საიქიოსი გამიღე კარი, ღმერთო, რომ ტანჯვას ჩემსას უსაზღვროს ვერა ჰხედავდეს ჩემივე თვალი. რომ შევუბრუნო მტარვალსა ხელი, მომეცი მაინც იმდენი ძალი. ამას ვიძახი. მგლის ყმუილივით ჰაერში დნება ჩემის ხმის კვალი. მაღლა ავხედე, რა მეჩვენება: თავზე დამყურებს დიდი კლდე, სალი, და ზედ მიჯაჭვულს ადამიანსა არწივი სწიწკნის… მოვკარი თვალი. ეს მომივლინა ზეცამ ნუგეშად? მამცნოს, ტანჯვაში არა ვარ მარტო, ნუთუ მოვტყუვდე, ოცნების ჩმახვა ჭეშმარიტებად გამოვიხატო? ეგ თქმულებაა, დიდი ხანია ვიცოდი კარგად და დღესაც ვიცი. ჩემი ტანჯვა კი სინამდვილეა, შემოწმებული და დანამტკიცი. დამცინის ზეცა, სწორედ დამცინის. რა მომაჩვენა წყლულის მალამოდ? ვაჰ ამისთანა ნუგეშისცემას, ნაძღვნევსა ღვთისგან ჩემს დასაამოდ! მოდის და მბოჭავს შავი ნისლები, როგორაც კუპრი, როგორაც ფისი, პირი მევსება შლამით და მურით, ყორნისაც მესმის ხმა ისევ მქისი. ტანჯულს თვით ესმის თავისი ტანჯვა, მას ვერ მისწვდება გრძნობები სხვისი. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |