|
წამიყვანა ტყის ჯურღმულმა, ტყის სიმწვანემ წამიყვანა, გადმიშალა ხის რტოთა და ბალახების მწვანე ყანა… დაუბერა ნელმა სიომ, ვარდს მოჰპარა ცის მანანა, და რტოები, ხის რტოები მიაქანა, მოაქანა: - „ნანა-ნანა“…
ვეღარ დასწვდა და მწუხარემ ისევ სიოს დააბარა: „ნუ ცახცახებ, არ განახვებ მზის თეთრ სხივებს… არა, არა…“ ალეანდრა ისევ შეკრთა და ცრემლებად დაიღვარა: „კმარა, კმარა!“
ჯერ გაშიშვლდა და როდესაც ტბაში თავის ტანი ნახა, სულ გაკვირდა… მერე მოსწყდა და როდესაც დამინახა, შეჰკივლა და მიიმალა და ჯაგიდან დამიძახა: „ხა, ხა, ხა, ხა!“
მეცემოდენ მთელ სახეზე, აღგზნებულზე, სიზმრის სხივით… და მესმოდა ფოთოლთ ჰანგი: „ჩვენ არ ვკვნესით, ჩვენ არ ვჩივით… ნიავივით, ნიავივით, ტყეში ვცხოვრობთ, ტყეში ვღვივით ნიავივით!“
და ვფიქრობდი ნათელ ფიქრით ფიქრებს ძნელად გამოსაცნობს, და ფიქრობდა ნათელ ფიქრს ტყე, და იდუმალ ნაფიქრ-ნაგრძნობს ჩემს ფიქრებში მოგონება ეხლა აფრქვევს, ეხლა ადნობს, ნაფიქრ-ნაგრძნობს…
სევდიანი იყო ჰანგი და მეც გული ამიძგერა. დავიმღერე: მესმის, მესმის… და ვერ დავთმობ, ვერა, ვერა! და სიჩუმემ ნიავივით გამომძახა: მჯერა, მჯერა ეგ სიმღერა. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















