|
არ გაუგია მთელ ქვეყანას გაჩენა მისი (იმ დროს, არც იყო, კაცმა რომ თქვას, ის ამის ღირსი).
გაზაფხული ყოფილა თურმე. მთელი სოფელი გაკრეფილი ყოფილა ველად. ეკიდნენ ხარებს... ღიღინებდნენ... გუთნიდნენ მიწას...
არამცთუ ყველას - სოფელსაც კი არ გაუგია მთლიანად მისას.
გაიზარდა... აჰკიდეს ტვირთი და ზურგზე ტომრით გაისტუმრეს წისქვილზე ერთხელ... მდინარის მიღმა შრიალებდა მინდორი დიდი, ნაკადულივით მიდიოდა ბილიკი ტყე-ტყე.
გაეხარდა დანახვა მთვარის... აენთო სული - ხორცმა ცეცხლი იტვირთა მთვარის...
ვერ განეშორა სახლის სარკმელს, ვით შუქი სანთლის.
კი არ დნებოდა - იზრდებოდა ხესავით იგი... და ნელა-ნელა ეს სანთელი - ოდენა ნეკის - მზედ გადიქცა და განეფინა ყველაფერს ირგვლივ.
სულმა სივრცე ისურვა როცა... ჰქროდა, ეგონა: - ხორციანა ცათამდე ავალ... ვერ გადაახტა იგი საფლავს ისე, რომ ხორცი არ ჩავარდნოდა სამარეში, ვითარც მრავალს.
დამარხეს. დასამარდა - სიცოცხლის ღირსი... აღმართის შემდეგ, თავდაღმართზე დაეშვა ხალხი... და თუ გაჩენა ვერ შენიშნა ვერავინ მისი, ვით თრიმლის ძირას, წვიმის შემდეგ, ამოსვლა ვარყის, -
ოდეს ხორცი მიეცა მიწას, ოდეს ლექსშიღა ხმაურობდა პოეტის სისხლი, - ქვეყანა შეძრა სიკვდილმა მისმა, თხემით ტერფამდე იგრძნო ხალხმა დაკარგვა მისი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















