მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი
მოდი, უფალო, მოდი, უფალო, ოდეს გარს ზრახვებს მოისევ, მოდი! ნუ განმიზღუდავ, თავისუფალო, ნუ განმიზღუდავ, მო, ისევ, მოდი!
აქ მეტრფეს სატრფო არ სწყალობს "ჰოთი", მწყურვალნი სხედან მებრუ და ლოთი... მოდი, სიბრუვის მეუფევ, მოდი!
ხარ ყოველ არსთა არსობა მთელი, შენ ბულბული ხარ მთვრალი და ხელი, მო, მრავალთაგან რჩეულო, მოდი!
შენ ნებიერნი გიმზერენ შურით, იოსებს მიეც შენ ხელი ძმური, მო, ერთგულებას ჩვეულო, მოდი;
და შეემზეროს სულთა სამყაროს? მო, მოემზევე ამ ბნელს, ამ ხაროს... მო, უსახოდ და უნიღბოდ მოდი!
ჯავრში თმენა ხარ, ჭირში ლხენა ხარ, არმურში მთვარის შუქთაფენა ხარ, მო, გამკითხავო ღრუბელო, მოდი!
შენგან ცხოვრება გადახალისდა! მარად მაუწყე იყავ ახლის და წა, ხან იქ წადი, მო, ხან აქ მოდი!
ჩვენზედ ცარგვალი მოიქცა რისხვით, ყურძენი გვიმწიფს ჩვენ მისხის მისხით... მო, ჩაგვიწურე თაღარში, მოდი!
გასწით სევდავ და ვნების ალმურო!... რად გსურს, ო, გონო, რომ მაღამურო! მოდი, სიფხიზლის სამყაროვ, მოდი!
მო, გულო ჩემო, მთლად დაფლეთილო კარს თუ ვერ ჰპოვებ, ჩემო კეთილო, მო, მომიმსხვრიე კედლები, მოდი!
ეჰა, მო, ფიქრებს მოესათნოე, მო, მომევლინე ისე, ვით ნოე, მო, მოავადის კურნებად მოდი!
შაბაშ შენც, სიტყვავ, ენიდან თქმულო! ხამს ეს ღაღადი მივასასრულო... მო, უჩქამოდ და უსიტყვოდ მოდი! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |