დავხურავ შენს წიგნს, ისევ შენს ბედს დავუკვირდები. რვა საუკუნე მძიმედ ახელს ნისლიან თვალებს. დროთა უფსკრული შეირხევა, აიზვირთება და აჩრდილს შენსას ჩემს წინაშე ააელვარებს.
სად შენი ჭვრეტის იმალება ზღვები უძირო! თითქოს ძალებმა ბუნებისა მხოლოდ შენ გიხმეს, რომ მათთან ერთად წუთისოფლის ბრუნვას უცქირო.
აევსო უკვდავ მღელვარებას, ცეცხლსა და სიბრძნეს, რომ თვით სივდილზე უმტკიცესი დიდება ტრფობის გადასწყდომოდა საუკუნეთ შურიან სიგრძეს.
ო, ეგ ღიმილი შერიგების - ნაყოფი ცრემლთა! ველად გაჭრილი ვის უთევდი ღამეებს ნეტავ, დიდ მარტოობას მეგობრულად ვინ ჰყოფდა შენთან?!
შენ გაუმჟღავნე ხვაშიადი შენი გულისა? ვისთვის დაგჭირდა დამდაგველი ლექსების ასხმა, სისხლის ცრემლებით განკურნება ფარულ წყლულისა?
როცა ავთანდილს ასწავლიდი ანდერძის წერას? და როცა სული დაფერფლილი, ნაცრად ქცეული გრძნობდა სიყვარულს გარდაუვალს, საბედისწეროს?!
როცა ბერდუჯის ნაპირებზე გაგვიტყდა ხმალი… მაგრამ სიმღერას შენი ერი უსმენდა ხარბად და გვერდს გივლიდა საუკუნეთ ქროლება მალი.
მისი დიდების და გენიის გამომსახველი, და უკვდავების სიამაყით გონებას გვივსებს თვალშეუდგამი ბრწყინვალება შენი სახელის! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |