სპილენძის შუადღე, გადამწვარი ლაჟვარდი ცისა. სილების ზურგი, გაწოლილი ავარვარებით. და ბნედიანი გაბრაზება და წარღვნა მზისა, გადმოხეთქილი ადუღებულ ოქროს ღვარებათ.
ბორგავს უდაბნო რეტიანი ცხელ მირაჟებით; და იხვევს ზანტათ მდუმარების მედიდურ რიდეს, დაღლილი სფინქსი, რომ იღვიძებს არიჟრაჟებით.
ელავენ ყვითლად შეტაცილი მათი ფერდები; მხოლოდ ნიანგებს გაშმაგებულთ, მზის დანათებით უბზინავთ ქონით ხორკლიანი მწვანე გვერდები.
შორით ნილოსი - გადამდნარი ფოლადის არხი; თუ სპილოების ქარავანი გაიარს ნელი, მაგრამ ჩუმია ფარაონთა ძველი სამარხი.
და გრიგალებათ დაიგრაგნა ზვირთები სილის, თვით ფარაონი გამოჩნდება თავის მცველებით, გამეხებული და საომარ აბჯრით მოსილი.
და მორიდებით ელომება სარდლის ბრძანებას. მაგრამ ის უცდის მოუთმენი და რეტიანი თავის მეუღლის ცხელ სილაზე გამობრძანებას.
მტრების ლაშქრები ახლოვდება მედგარი ძალით; მაშინ ხმა ისმის ფარაონის მძლავრი, მეხური, და თავის ჯარებს ის გაჰყვება ამართულ ხმალით.
კვლავ ორი ჯარი შეუპოვარ ბრძოლას ეწევა; მაგრამ იმარჯვებს ეგვიპტეში მზე თვითმპყრობელი, მეტოქე გარბის; ფარაონი ვერ დაეწევა!
თავის მეუღლეს უსაყვარლესს და ატირდება; მისთვის აგროვებს სამკაულებს დაჩოქებული, და საოცნებო რაინდობას კიდევ პირდება.
სარკოფაგები ინახავენ მუმიებს ყვითელს, წევს ამორძალი მონატრული მთვარის სხივების, ვერ მოიგონებს ის სიყვარულს, ალერსს უწინდელს.
აბჯარის ხრიალს, შეპირების ხმას განაწვალებს; ვერ გაუღიმებს, მის ძახილზე ვერ გაქროლდება, და ვერ გაიხელს გაქვავებულს და ჩასმულ თვალებს. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |