|
1
ნეტავ როგორი დღე იყო მაშინ, ან როგორ კრთოდენ მთვარის ნაკვთები, როცა პირველად გამოჩნდა ზღვაში ბრწყინვალე გემი არგონავტების?!
მოჰქონდა, როგორც ღრუბელი ცისა, და მოსულ გმირთა აბჯარს მღელვარეს ცეცხლს უკიდებენ სხივები მზისა.
კოლხეთის სივრცე, კოლხეთის არე, სადაც ოქროს ვერძს აბანავებდა და ოქროს შობდა ზღაპრული მხარე.
იყო ჯადოსნურ ჰანგების ბგერა, და იმათ ხმაზე ერთი ვაჟკაცი გახდა გრძნობის და სიმღერის წერა!
ანძაზე მიკრულ ორფეოსს ვხედავ! მედეას ბაღთან, გუშაგად დამდგარს, რა გატირებდა, მგოსანო, ნეტავ?!
სინჯეს სიმაგრე მკლავის და შვილდთა. და უკან დარჩა მედეას ოხვრა გამოტირება დახოცილ შვილთა!
მიადგა გემი ძვირფასი ბარგით, - ზეიმად ამტყდარ ბუკს და საყვირებს ჰფარავდა ხმები უკვდავი ჰანგის!
2
საუკუნეთა დასცხრა ხმაური, წყალმა დაფარა კოლხეთის მხარე, მაგრამ კვლავ ისმის ხმა უცნაური და სხვანაირად ელვარებს მთვარე.
კოლხეთის მხარე ჭაობით სავსე! აქ თითქოს მიწა ხელახლა ჩნდება და მზეც პირველად ამოდის ცაზე!
და დედამიწა სიმღერას ამბობს, პირველ სხივებით უბეებს ივსებს და პირველ თავის ნაყოფსაც ატკბობს!
რომ ის უბრძოლოდ დაუთმოს იმათ, ვინც გრძნობს ახალი ცხოვრების სითბოს, ახალ ცხოვრებას გაბმია სიმად!
მიწის პატრონი რომ არის სრული, მოესმის უკვდავ სიმღერის ხმები, რომ გაუგმირა ორფეოსს გული! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















