|
ყოველი ღამე მე მიჭრია მღელვარე ფიქრით და ზეცას ხარბად მიბჯენია ჩემი თვალები, რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.
ასკდება ფანჯრებს განათებულს და ძირს ვარდება, ისევე ჩემი განწირული სულის თარეში ფრთებ დამტვრეული სიმაღლიდან ძირს მოქანდება.
და დრო ჩამოთვლემს უსაზღვრობის მდუმარე გზებზე - ადამიანო, რას დაეძებ, რატომ ინთები? მხოლოდ მტვერი ხარ მიგნესილი ძვლების ჩონჩხებზე.
იყავ ფუტკარი, რომ ითვრება ყვავილის წვენით! - მზის ელვარება და ნათება ღამეში მთვარის, რომ შენში ერთად მეტყველებდეს უბრალო ენით.
და ნუ გაშინებს, რომ ახლოა წყვდიადი ღამის… ო, ეგ სიცოცხლე და ათასი წლების სირბილი - ორთავე მხოლოდ სიზმარია და ერთი წამი!..
* * * * * * *
ღამის უფსკრული მეც მიჭრია მღელვარე ფიქრით და ზეცას ხარბად შეპყრობილა ჩემი თვალები, რომ სიკვდილისა და სიცოცხლის საზღვრების იქეთ გადამეწია ეს ოცნება განაწვალები.
ასკდება ფანჯრებს განათებულს და ძირს ვარდება - ისევე ჩემი განწირული სულის თარეში ფრთებ დამტვრეული სიმაღლიდან ძირს მოქანდება.
და დრო ჩამოთვლემს მდუმარების უსაზღვრო გზებზე - ადამიანო, რას დაეძებ, ან რისთვის კრთები? რათ გტანჯავს ფიქრი სიყვარულზე და ვარსკვლავებზე.
იყავ ფუტკარი, რომ ითვრება ყვავილის წვენით! - მზის ელვარება და ნათება ღამეში მთვარის, რომ შენში ერთად მეტყველებდეს უბრალო ენით.
და ნუ გაშინებს, რომ ახლოა წყვდიადი ღამის… ო, ეგ სამყარო და ალერსის წუთები ტკბილი ორთავე მხოლოდ სიზმარია და ქროლვა წამი!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















