მთარგმნელი: ლელა გაბური
* * * * * * *
|
მთვრალი იყავი, მეგობარო, იყავი მთვრალი! ყოველდღე... რადგან ყველაფერი არის თრობაში! ეს არის კითხვა ერთადერთი და არის ცხადი: ტვირთი ხვალისა, მხრებს რომ გიმტვრევს საშინელ ძალით, და მიწისაკენ რომ გეწევა - გსურს აიცილო?! მაშ, თუ ასეა, დამიჯერე, იყავი მთვრალი, არ გამოფხიზლდე, წამითაც კი არ შეისვენო!
შენი საქმეა! არჩევანი მე არ მენაღვლის. ოღონდ დალიე, მეგობარო, ოღონდაც შესვი! და უსასრულოდ, უსასრულოდ იყავი მთვრალი!
სრა-სასახლეთა, სადაც ბრწყინავს ბროლი, ბადახში... ანდა მიწოლილის თხრილის თავზე, მწვანე ბალახში და თუ იგრძენი, რომ სიმთვრალე უკვე განქარდა, სადღაც გამქრალა ნეტარება იმქვეყნიური, ო, მარტოსულო, ნუ შეკრთები, ნუ დაიბნევი, მიმოიხედე გარშემო და ნახე ჩიტები, ტალღა, საათი, ვარსკვლავები ან ნახე ქარი. რაც დარბის, კვნესის, რაც მოძრაობს, მღერის, საუბრობს, ნახე და ჰკითხე მათ საათი, ჰკითხე "რა დროა?!“ გიპასუხებენ ყველა ერთხმად - ჩიტიც და ქარიც, გიპასუხებენ ვარსკვლავები, ტალღები - ექოდ, რომ საათია, საათია ახლა თრობისა...
ღვინით თუ ლექსით, ნება შენია! ტანჯული მონა თუ არ გინდა იყო დროისა, იყავი მთვრალი! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















