|
რადგან ოდესმე უნდა მოხვიდე, აუცილებლად სადმე იქნები, გეალერსება გაუკვალავ ზეცის გადაღმა გაუმხელელი ჩემი ფიქრები.
და ზოგჯერ მაინც დაგესიზმრება, როგორ მეხვევა უსაშველოდ თავბრუ ყოველდღე მტვრით, ხმაურით, ლექსით, "იზმებით’’.
როგორც სიკეთე... ანდა ტეხური, წელს არ აყვავდა ნეკისხელა ჩვენი ტირიფი - ახლა წელში გადატეხილი.
და ზამთრის პირზე მათთვის ვიტირებ და ამოვხედავ შენს საუფლოს ჩუმი ნაღველით - ვარსკვლავებით სავსე ვიტრინას...
არ ჩამოგიცდეს ღრუბელზე ფეხი, არ მოგამსხვრიოს ანგელოზის პაწია ფრთები ბრაზიანმა ბებერმა მეხმა.
უღვთოდ ძირავენ ღრუბლების გემებს და ჩემი მიწა - დედამიწა - შენი ცის ფსკერი ელის დამხრჩვალ გემების გვამებს;
და ღამეებმა თეთრმა და მკაცრმა, ახლა მსუბუქად და კეთილად გიბრწყინავს ყელზე წვიმის წვეთის წკრიალა აცმა;
როგორც სიცოცხლე, მზე და ლექსები, ახლა შენ გამო მეშინია გამოუცნობი ბედისწერის და ექსცესების.
რომ დაგიკოცნო თოთო თითები... ჩემს სასთუმელთან წევს ზღაპარი, როგორც ნუგეში... მოლოდინით თვლემენ მითები... |
















