|
1
ფუქსავატი, ლაქათაა, გრძლად გალეული მელია, ბაზრის ბიჭად გაჩენილა, ეხლა ქვეყნის მმართველია; ცუღლუტია, ხერხიანი, ენაცქვიტი, ყურმახვილი; დროთა ბრუნვის შესაფერი კარგად იცის მოძახილი. მარჯვედ მოდის კოჭის ყრაში, სურს ალჩუა, სურს თაფია; ბევრჯერ გაძვრა და გამოძვრა, მაგრამ ვერ გახდა გრაფია. გრაფობისთვის ერი დაკლა, ცოდვა დაიდვა დიდია, მაგრამ ერიც და ქვეყანაც იმას ფეხებზედ ჰკიდია.
მიხეილ ლორის-მელიქოვი * * * * * * *
2
ერთი არის ტანად მომცრო, კარგად ჩასხმულ მხარ-ბეჭია, თამამია, უანგარო და ლაპარაკში ღმეჭია. თუმც ბევრს იმის ჯურის ხალხსა ქართვლობა ეთაკილება, მაგრამ ის მაინც ქართველობს, ამით ეთქმის ჩვენგან ქება. სხვა სიკეთე მე იმისი არა რა გამიგონია, თუმც სიკეთის ქმნად შემთხვევა იმას მრავალჯერ ჰქონია, ჩვენგან შორსა მას უჭირავს რაღაც ადგილი დიდია, ნეტა ვიცოდე: ქვეყანა მასაც ფეხებზედ ჰკიდია?!
ლევან მელიქიშვილი * * * * * * *
3
ბაიყუშივით თავდიდა, დაღვრემილი და ბღვერია, მუდამ გაბუტვილი დადის, რაღაც უტყვი და შტერია; თავმძიმეა, ჭკვასუბუქი, ცომივით გათქვლეფილია, ჯილდოსთვის ბევრი დაქსაქსა მან საქართველოს შვილია. დედათ წყევლამა აუგო მას საქოლავი დიდია, მაგრამ წყევლაც და ქვეყანაც ორივ ფეხებზედ ჰკიდია.
იოსებ თარხნიშვილი * * * * * * *
4
პირ-ტუჩ-რგვალი, მუდამ წმინდად ლოყებ-ჩამოფხეკილია, თავის-თავის მოარშიყე, თუმც ასაკ-მიდრეკილია; პრანჭიაა და გრეხია, საკოპწოდ უტოკს ტანია; ამბობენ, რომ ყურმარჯვეა და ცოტად ენამტანია. ჩინოვნიკობაში იგი თურმე გამოქნილი არი ისე, როგორც უღლის ქვეშა ჩვენი გლეხიკაცის ხარი. ეგ უსახო და უხამი ქართული მალჩალინია, თავი მოსწონს მხოლოდ მით, რომ ზედიზედ მოსდის ჩინია. წვრილებში თავმომწონეა, სხვილებში - ფეხის მტვერია, მამის სახელით გამოდის, რადგანც თვით არაფერია. მის ჯურის ხალხს მწერლად მოსწონს, ვერ კი შეუტყვეს მრუდობა, რომ სხვის წიგნიდამ ფრაზების იცის ცოტა რამ ქურდობა. რა გინდ მძიმე საქმე იყოს, ანუ ძნელი სავეზირო, ის მაშინვე წაეჩრება, ვითომ მეც ნახირ-ნახირო. ეს გამოცანა, მკითხველო, ახირებულად გრძელია, ფუყე, უსახო კაცისა მოკლედ აღწერა ძნელია. ვირ-ეშმაკა და ორპირი, ეგ დიდად მოსარიდია, ქართლი, სომხეთი, რუსეთი, სამივ ფეხებზედ ჰკიდია.
მიხეილ თუმანიშვილი (ბირთეკლიჩი) * * * * * * * * *
5
ერთის კარგის საქმის იგი დამწყობი, მეთაურია; თქმულა, - ნაყოფისაგანო ხე იგი საცნაურია. თუ ესეა, მაშ არ აღვწერ მის ნიშნებს და მის სახესა, მარტო ნაყოფს დაგანახვებთ და მით სცნობდეთ თვითონ ხესა. ჩვენის ქვეყნის საკეთილოდ მან მარტომან შეგვძრა ყველა, ერთმანეთის მტრებს გვასწავლა ერთმანეთის ძმური შველა. ბანკის ძირი იმან ჩარგო, ღონე ხსნისა მოგვცა ხელთა; ვახ! დაგვიმხეს ზოგთ ეს საქმეც! წყევა ჩვენი მათ - ჩვენ მტერთა! ამ უკაცურ კაცთა შორის მე იგი კაცად მგონია მით, რომ საქმითაც ქვეყნისა მას სიყვარული ჰქონია. ბევრი ვიცი მე ამისი ცოდვა და ნაკლულოვნება, მაგრამ კარგის საქმის დამთესს ბევრი რამ მიეტევება. რაც არის, კიდევ ეგ არის ჩვენში ხელმოსაკიდია, მარტო მას, ვგონებ, ქვეყანა ფეხებზედ არა ჰკიდია.
დიმიტრი ყიფიანი * * * * * * *
6
აღწერილთა ჯურის ხალხი სხვანიც მრავალნი ჰყვავიან, მაგრამ მე იმათ არ ავსწერ, რადგანც თვის ქერქში არიან. დიდთა ნახირში არ ისმის მათგან არც ერთის ბღავილი, თუმცა იმათში ზოგიერთს ჭირად სჭირს ენის ქავილი. მათში ბევრი წურბელაა, გველი, ხვლიკი, ლოკოკინა; იციან, რომ არ ვარგანან და თავისთვის სხედან შინა. ხროვა ეგე, ანუ ჯოგი, საუბედუროდ, დიდია; მათ ყველას ერთად ქვეყანა შინვე ფეხებზედ ჰკიდია.
დანარჩენი არისტოკრატიის წევრები * * * * * * *
7
ესეც გამოცანად ითქმის: - „ნეტა ამას რისთვის სწერსო, მეთაურნი დაგვილანძღა, მით ახარებს ჩვენსა მტერსო?“ ჩვენი მტერი - სიბრმავეა, უვარგ კაცზედა დანდობა, ჩვენი მტერია ზოგ-ზოგის ფლიდობა და თვალთმაქცობა. ის ზოგ-ზოგნი ჩრდილში იყვნენ, ეხლა მზეზედ გამოვფინე, ყველას თავისი მივუწყე და მართალი აღვადგინე. მინდა, რომ თქვენ შეურჩიოთ თხა თხასა და ცხვარი ცხვართა და, ვით თქმულა, მიანებოთ მკვდარნი დაფლვად მისთა მკვდართა; მინდა, რომ ვინც ჩვენის ქვეყნის ჩვენში პირ-მომარიდია, ის თქვენც ფეხებზედ გეკიდოსთ, ვით მე ფეხებზედ მკიდია.
დანარჩენი არისტოკრატიის წევრები * * * * * * * |
| პოეზიის გვერდი • • • |
















