|
ხე დიდრონი, თვალუწვდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი. რუსთველი
რუსთავში, მტკვრისპირ, დგას ერთი ვერხვი, ძირძველი, წვერით კლდეს მიბჯენილი, როგორც მოხუცი, ტანჭრელი ვეფხვი ბრძოლებში სიკვდილს გადარჩენილი.
ისევ მაისმა გაასურნელა, მზემ და მიწის რძემ ვერხვს ღონე მისცა, წვიმის პოხი ჰყავს ერთგულ მზრუნველად.
როცა ემცვრევა ცვარი ციური, ვერხვს შეატოკებს ფიქრი გულისა, თითქოს გადაჰკრავს ფრთა არწიული.
პირანთებული, ენამზიანი, გული მას ჰქონდა, თითქოს ქარბუქი, მღელვარე ზღვასთან შენაზიარი.
გაგიჟებული ცხენის ჭენება, მიჯნურისათვის ღამეთა თევა, თამარის ჩრდილის გამოჩვენება.
და მისი შუბლის შეკეცილობა... და როს დაჰღლიდა ხალხის ჟღივილი, სეფედარბაზში სიტყვის ცილობა,
ამას თვით მტკვარიც დაემოწმება, უყვარდა ვერხვის ფოთლის შრიალი, ვერხვის მოხვევნა, ვერხვთა ოცნება.
ბევრჯერ ფურცელი გამოიცვალა, ბევრჯერ შეჰყინა ქარიშხლის ცემამ ვერხვის ფესვებში სიცოცხლის ძალა.
ვერხვს მისი ნახვა ვეღარ ეღირსა... და როცა ჰვერცხლავს მთვარის ნაბუქი, თრთის მოლოდინში ტოტი ვერხვისა.
ტკბილმეგობრულად, როგორც ყოფილა, მან კი ჩაჰკიდა ხელი ხმელეთსა, იგი მსოფლიოს დაეძმობილა... |
| პოეზიის გვერდი • • • |
















