აღსავსე იყო სათეატრო დარბაზი დიდი და მე ჩემს ლექსებს ვკითხულობდი. და ვკითხულობდი, ისე დარცხვენით, ისე კდემით, გაუბედავად, რომ საკუთარი ღიმილიც კი მგვრიდა სირცხვილსა. ანიავებულ ტირიფივით ვთრთოდი... ვღელავდი... აი, დავიწყე შენი ლექსი და გამახსენდი! აი, ვჟღურტულებ მერვე ხანას... მეცხრეს... მეათეს.. აი მოვწყვიტე ხალხს უსაზღვროს უსაზღვრო ტაში, ტაში გამთბარი, განბანილი ვაშას ძახილით. და როს გავცხრილე მე ის ტაში, გადავარჩიე, ეს ჩემი ყური დაეძებდა შენს ტაშის ცემას; ეს ჩემი თვალი დაეძებდა შენს მალალ თვალებს; ვეძებდი შენს ტანს ისარივით დაქნილ-დაწლობილს; ვეძებდი მკერდში ჩაგორებულ წყვილსა ნარინჯსა; ვეძებდი ლოყებს ჩაფიქრებულს; პაწა შაქრის ცხვირს, მოხრილ წარბებსა, მუშკისფერ თმას, ყირმიზის ბაგეს. - მაგრამ თვალებმა გადმოაგდეს ცრემლის კურცხალი და მე შევიტყე - ვაჰ, ჩემს ყოფას - და მე შევიტყე, რომ იმ საღამოს იმ დარბაზში, იმ ხალხში, იმ დროს არ იყავ და რომ ყოფილიყავ გამოჩნდებოდი, როგორც მთოვარე ვარსკვლავებში. მაგრამ არ იყავ. რატომ არ იყ ვ? ო, სთქვი, ო, სთქვი, გამაგებინე, რატომ არ იყავ, ჩემო კარგო? ო, რატომ? რატომ?..
იგრძენ ობლობა სულის, გულის, შეიქმენ ავად და გსურდა... გსურდა დაწყნარება, გსურდა სიდინჯე? ეძებდი სიტყვას სანუგეშოს, სიტყვას წრფელს, ჯანსაღს, ეძებდი თვლემას - და მალიმალ შოშიასავით აპობდი პირსა, ამთქნარებდი - მაგრამ სად იყო! ეძებდი ფიქრებს და ფიქრიც კი წაეღო სევდას, იყავი მარტოდ; უიმედოდ - და ვით ამბობენ წყლის მომტანიც კი არვინ გყავდა, წყლის მომტანიც კი - მე კი - ახ - ამ დროს საყვედურით გავსებდი საწყალს და უდარდელი ლექსის კითხვით ვსიამოვნობდი. თუ ასე იყო: რას ვაქნევდი მე იმ საღამოს, დე, ჭირს წაეღო ყოველივე... ჩემო კეთილო, ო, მომიტევე! მომიტევე! ახ, რო მცოდნოდა, ახ, რომცოდნოდა, გეფიცები ჩემს ქორფა სურვილს, მივატოვებდი ატალღებულ დარბაზს, ხალხს, სცენას, თვით ნიავქარზე უსწრაფესად მოგივიდოდი და ჩემს სიცოცხლეს დაგადებდი უკვდავ მალამოდ.
გასტეხე აღთქმა, უარჰყავი პირველი გრძნობა და იმ ადგილას, სადაც ერთხელ ვარსკვლავებს ვთვლიდით, სხვა გყავდა! სხვა! სხვა! შემოგყეფდა ორჭოფულ სიტყვებს და შენც, საბრალოვ, მოხიბლული ჯადო-თილისმით უპასუხებდი იმავ კოცნით, იმავ ალერსით, რომლითაც უკვე მე გამხადე სვე-კმაყოფილი?! თუ ასე იყო - რა უნდა ვქნა - გზა მშვიდობისა! ოღონდ გიყვარდეთ ერთმანეთი! არ შესცდეთ ოღონდ! ოღონდ შენ იყავ ბედნიერი და მე კი... მე კი... მაგრამ, მიჯნურო, თუ ოდესმე შენმა მიჯნურმა, მიჯნურმა დამთვრალ, დაოკებულ, დამცხრალმა ვნებით გადაგისროლოს სუნ-მიღებულ შემხმარ ვარდივით: მე მომიწოდე - აქ არა ვარ - მე აღარ გეტყვი თუ როგორ უღვთოდ მიღალატე, ჩამიკალ. ნიჭი, თუ რაოდენი განსხვავება სუფევდა ჩვენში, მე აღარ გეტყვი არც ჩემს გეგმებს, მე საყვედურსაც არ მოგასმენ. ო, არა! არა! მე გულს ჩაგიკრავ და იმავ სიტყვებს ჩაგჩურჩულებ: რა გენაღვლება, ისე მიყვარდე ვით პეტრარკას თავის ლაურა.
მე ხომ მთლად ჩემი სიჭაბუკე შენ შემოგწირე, შენ! შენ! წმინდაო, შენ, რომელიც იყავი ღირსი. დაგიშავე რამ? გაწყენინე? არ ვიცი, არა! ო, თუ წამომცდა სიტყვა მკრთალი, სიტყვა უხეში და შეურაცვყავ შენი სმენა - ო, მომიტევე! ღმერთს გეფიცები, სჩანს ეს მოხდა ჩემს უნებურად. მუხლ-მოდრეკილი შენდობას გთხოვ: ო, მომიტევე! ო, მომიტევე... მაპატიე... შემინდე... გესმის... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |