|
(ვუძღვნი ჩემს მეუღლეს მარიამს რაზიკაშვილისას)
1
შენი ჭირიმე, მთვარეო, გულში ღრმად ჩამეპარეო! ნუ დახვალ გარე-გარეო, ყოფნა ნუ გამიმწარეო. მოდი, მაკოცე მალეო, სხივები მომაყარეო!
2
დანიშნულმა მზითვის სია მომიტანა, გუჯრით იყო: რა ფულ-საფენ, რა საცმელი, სამკაული მეტი იყო. ჩავყევ და ვა! - იმაშია სიყვარული არსად იყო! სია მივეც, ვუთხარ: „ესა მამაშენსვე მიუტანე. რაც შიგ არის, არა მინდა. სიყვარული მომიტანე.
3
ქალმა თაფლი შემთავაზა, თეთრი შოთი, გოლეული. მე თითები გავილოკე, გადავუდგი ტკბილეული. „რად არა სჭამ, არ გიამა?" - გამებუტა მზარეული ვუპასუხე: „მადლობელი, ცხონდა შენი გამზრდელიო. სიმაძღრისთვის პურია, და თაფლი - ზოგვით საჭმელიო“.
4
ქალ-ლამაზის მგულებელმა გავიარე კარისასა. ის არჩევდა სამურაბეს თეთრ წითელი ვარდისასა. შევსდეგ, ვუთხარ: „სამურაბედ რად იმეტებ მაგასაო? საიმისოდ შვინდს ხმარობენ, ან ჟოლს, კაკლის კაწახსაო. ვარდი კი ყვავილი არის, საამური თვალისაო. შენ გაუშვი, შესაჭმელი ნურა გინდა მაგისაო.
5 (დვრინვა)
შიშველი ცოლი ხელში მჭერია, მისი სიშიშვლე არ მინახია. მე მარტო სახე დამინახია, მასზედ ლექსები დამიწერია. და ტრფობა ჩემი ცად აღზიდულა, დაბლა ერთხელაც არ დაცემულა. თუ ვინმე მეტყვის: „სულ ტყუილია“. მეც ვუპასუხებ: „სულ მართალია და ტრფობა ასე უფრო ტკბილია“. |
















