|
ეს მე ვარ, ქარი, ეს მე ვარ, ქარი, დავქრივარ ბარად, ვოცნებობ მზეზე... ერთმევა ფერი ყვითელ არეებს... მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი.
აწვიმდა ყველგან, შხამთა მიზეზი: მანტიით მხრებზე, თეთრი გვირგვინით, ელვარე გზებით მოდის ზამთარი!
გამიღეთ კარი, გამიღეთ ჩქარა! მე მომდევს ცივი საშინელება, მე მომდევს ჩემი ცოდვილი გული.
და ნათელივით არის აშკარა, იუდას სახე, კაენის ლანდი და ღამეების შავი გუგუნი.
მოდის სიკვდილი... ჰე, ლურჯა რაშო, მედგრად, კივილით მოედე ტყეებს... უსწორო იყოს შენი ავდარი!
ღამე უვნებო და ურიჟრაჟო. ეს მე ვარ, მე ვარ, ეს მე ვარ, ქარი... მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი.
და ბრძოლა, ბრძოლა მოუსვენარი, ქარიშხლიანი მეხი და ელვა, რისხვით მრისხანე ტალღებთან შებმა,
და დამსხვრეული სწორი კენარი... სხვა სიყვარულის მოგონებები, დაე, აღმინთონ მოგონებებმა.
დროშები ქარში გაშალეს უცებ! დღითა და ღამით, დღითა და ღამით გრგვინვით ებრძოდენ ზარებს ზარები.
და გრიგალივით მოედო ქუჩებს, სისხლის, ტალახის, ცეცხლის და წყალის ზვირთი, ყველაფერს ნაზიარები,
აღელვებული მორევის ქაფი, არეულ ჯურღმულთ აღმოჩინებით, სავსე საზარლად მცურავი მკვდრებით -
ისევ მონახა ბნელი სარდაფი. შებოჭა ერთი მძლეველი ძალით და გადალეკა აღფრთოვანებით.
იქცა წარსულთა ტანჯვათ მიზეზი. მე ვალმოხდილი ისევე ველი, როგორ მოჰყვება ავდარს ავდარი.
ვისვენებ ახლა, ვოცნებობ მზეზე, ერთმევა ფერი ყვითელ არეებს და მოკლული ვარ, როგორც აფთარი. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















