მთარგმნელი: კონსტანტინე ჭიჭინაძე
|
ვით ლაღი ნავი ხმელეთისგან უკუქცეული ისევ ტალღების ლაჟვარდოვან წიაღში შედის, ხოფებით ზღვის მკერდს მოეხვევა ჟინმორეული და მიირხევა მასში, როგორც კისერი გედის, გადაეშვება ეგრე კლდიდან არაბის რაშიც გავარვარებულ უდაბნოში, სადაც ფლოქვები ქვიშის მორევში ეფლობიან, ისე ვით წყალში მხურვალე რკინა, ყრუ ხმაურით და აბოლებით. აჰა მშრალი ზღვა გარს არტყია ჩემს რაშს ძლიერსა, დელფინის მკერდით ის მიარღვევს ტალღებს ფხვიერსა. კვლავ უფრო მძაფრად, კვლავ უფრო მძაფრად, რომ ვერაფერმა ვერ შეგაკაოს! მისცურავს მაღლა, ვით შავი აფრა, და ზე ასცილდა ის ქვიშის ქაოსს. ჰგავს სეტყვის ღრუბელს ყორნისფერი ტაიჭი ჩქარი, შუბლზე ვარსკვლავი უციმციმებს რიჟრაჟის სხივად. ვით სირაქლემას ფრთებს, მის ფაფარს აღელვებს ქარი, და თითქო თეთრი ფეხებიდან ელვები სცვივა. თეთრფეხა რაშო, წინ გასწი მალე! მთებო, ტყეებო, გზა დამიცალეთ! ამაოდ პალმა ამწვანებული შემომთავაზებს ჩრდილსა და ხილსა, ჩავუვლი გვერდით გაქანებული მას, გაწბილებულს და დარცხვენილსა. ის იმალება ოაზისში უკან დახევით, თან დიდგულობას მიკიჟინებს რტოებდარხევით. უდაბნოს საზღვრის მოდარაჯედ აწვდილნი კლდენი მრისხანე სახით მე, ბედუინს, გადმომხედავენ და ცხენის ფლოქვთა უკანასკნელ ხმის უკუფენით ამგვარ მუქარის თქმას მიბედავენ: „გიჟი! საითკენ მიეშურება! დასწვავს, დაჰბუგავს მზე ვნებიანი: მას იქ თავზე არ დაეხურება არც პალმა მწვანეფოთლებიანი და არცა ბამბის თეთრი კარავი. იქ მხოლოდ ცაა მიწის მფარავი, იქ მხოლოდ კლდენი ღამეს ათევენ და ვარსკვლავები სხივებს აფრქვევენ“. უნაყოფოა მუქარა თქვენი, უკვე გცილდებით წინ გაფრენილი. მივიხედე და ზვიადნი კლდენი მოჩანან უკან ჩამორჩენილი. ერთიმეორეს თან მიჰყვებიან და შორს სივრცეში იკარგებიან. ძერა მუქარამ დაარწმუნა, რომ ბედუინსა მწირი უდაბნო ექცეოდა მუდმივ ბინადა. მსდევდა კვალდაკვალ, უმატებდა ფრთების შხუილსა და სამჯერ თავზე შემომევლო შავ გვირგვინადა. ჩხავის: „მეყნოსა სუნი მკვდარისა! სიბრიყვე რაშის და მხედარისა: მხედარი ეძებს გზას ქვიშის ზღვაში, საძოვარს ეძებს თეთრფეხა რაში. აქეთ ამაოდ გამოფრენილიან, ვინც აქ მოსულა, აქვე შთენილა. აქ მხოლოდ ქარნი დაქრიან ღრენით, და კვალნი მათნი მყისვე ქრებიან; ვერაფერს მოსძოვს ამ ველზე ცხენი, აქ უნასები იკვებებიან. აქ მხოლოდ მკვდარნი ღამეს ათევენ, მხოლოდ ძერები აქ ფარფატებენ“. წინ ჩამიქროლა ჩხავილით და ბრჭყალების ჩენით, სამჯერ თამამად გავუსწორეთ ერთმანეთს თვალი. ვინ შეკრთა? ძერა: იგი მაღლა წავიდა ფრენით! როცა შევმართე და მოვზიდე მე მშვილდის რკალი, როდესაც მე მას დავეძებდი თვალმიქცეული, ჩანდა რუხ ლაქად ის ჰაერში და, სწრაფად მსრბოლი, გახდა ბეღურას, პეპელასი და კოღოს ტოლი, შემდეგ მთლად შთანთქა ცამ წერტილად გადაქცეული. თეთრფეხა რაშო, წინ გასწი მალე! კლდეებო, ძერავ, გზა დამიცალეთ! მზეს გამოექცა დასავლეთის ღრუბელი მაშინ, მომდევდა უკან ლაჟვარდოვან ცის უდაბნოში. „ო, გიჟი! მიქრის, ცხენს არ ასვენებს, შეეწირება უწყლო ველებსა. ღრუბელი წვიმით არ დაასველებს იქ იმის მტვრიან საფეთქელებსა. იქ ნაკადული არსად ჩხრიალებს, იქ მარტოოდენ ქვიშა შრიალებს. ვიდრე მიწამდე მიაღწევს ცვარი, მას მოიპარავს მშიერი ქარი“. რას მემუქრება?! უფრო სწრაფად მივაფრენ ცხენსა. ჩანს იგრძნო დაღლა ღრუბლის ქულამ ფრთებდაპენტილმა, თავი დახარა ძირს მოთენთილმა და ჩემოეყრდნო უღონოდ კლდესა. როდესაც ისევ მივაპყარი თვალები მტრული, უკვე მე იმას მაშორებდა ცის თაღი სრული. მის გულისთქმა ჩემ მზერას არ გამოეპარა: იგი გაწითლდა ცოფმორეული, შურის ნაღველმა გაუყვითლა მთელი სხეული, ბოლოს გაშავდა ლეშივით და მთებს მიეფარა. თეთრფეხა რაშო, წინ გასწი მალე! ძერავ, ღრუბლებო, გზა დამიცალეთ! თვალი მივავლე მე გარეშემო, მხარე დავზვერე დასაწყევარი, არცა მიწაზე და არცა ზემოთ არსად მოჩანდა ჩემი მდევარი. სთვლემს აქ ბუნება გულშეღონებით, კაცთა ფეხის ხმა არ ისმის არსად, გარინდებულან სტიქიონები შეშინებული მხეცების მსგავსად. ღმერთო, რას ვხედავ! აქ პირველი მოველ მე განა?!. ქვიშის თხრილებთან შუქმოსილნი რაზმები ჩანან გზა დაჰბნევიათ, ან თუ მსხვერპლსა ჩასაფრებიან? თვალებს მისერავს ელვარება იმათი მკვეთრი - თეთრი მხედრები და ცხენებიც საოცრად თეთრი! მივდივარ - დგანან, ვუხმობ - დუმან. ეს ცხედრებია! ეს ძველთაძველი ქარავანია, ქვიშისგან ქარით განაბანია! აქლემთა ძვლებზე აღმართული კაცთა ძვლებია. ხვრელებში, სადაც თვალები მსხდარან, ხორცშემოძარცულ, გაფხეკილ ყბებში ქვიშა ჩხრიალით მიცურავს ღვარად, და ეს შევიცან ავყია ხმებში: „ეს ბედუინი, ჩანს, შეშლილია: მის წინაშე ხომ ქარტეხილია!“ მივქრი, უშიშრად ბილიკი ვკვალე, თეთრფეხა რაშო, წინ გასწი მალე! ცხედარნო, ქარნო, გზა დამიცალეთ! გრიგალი არის ხომ აფრიკის უდაბნოს მეფე, დადის ეული და ქვიშანი გარშემო სჩქეფენ. შორიდანავე შემამჩნია, შედგა, გაჰკვირდა, იწყო ადგილზე ტრიალი და ასე აყვირდა: „რა ქარბუქია? ეს უმცროსი ძმა თუა ჩემი, დაბლა მქროლავი და ცხვირ‒პირის მიწაზე მცემი? ფეხს როგორ ადგამს აქ ამგვარი სითამამითა?“ დაიღრიალა, გამოქანდა, ვით პირამიდა. როცა ნახა, რომ ვარ მოკვდავი, გულით კი რვალი, დაარტყა ფეხი უდაბნოს მკაცრად, მყის არაბეთი მთლად გადანაცრა და, ვით ფრინველმა, გამიტაცა მაგარი ბრჭყალით. ცეცხლოვან სულის შებერვით მწვავდა, ფრთების შემოკვრით ქვიშაში მფლავდა, მაღლა ისროდა, ძირს მცემდა ხვნეშით და მაწვებოდა ზედ მძიმე ხრეშით. მე ფეხზე ვდგები და ვებრძვი წყეულს, მსურს მივაყენო მასაც ზიანი: ვუგლეჯ, ვუფლითავ ქვიშიან სხეულს, შიგ ვუყრი კბილებს, ვით ცოფიანი. სურდა გამცლოდა, აჭრილიყო ჰაერში სვეტად. ვერა! წაიქცა საზარელი რუხი მხედარი: ძირს ქვიშის წვიმად ჩამოეშვა და, გრძელი მეტად, ვით გალავანი ქალაქისა, გაწვა ცხედარი. ამოვისუნთქე! მივაპყარი ვარსკვლავებს თვალი. აჰა, მარტოდენ თავს დამფენია ყველა ვარსკვლავის ოქროს თვალთა სხივები მკრთალი, რადგან სულდგმული სხვა ამ კუთხეს არ შერჩენია. ჯანსაღი მკერდით ამოსუნთქვა აქ რა ტკბილია! ლამის შევსრუტო, მსგავსად წვეთისა, მთელი ჰაერი არაბეთისა. თვალები ჩემი აქ რა ფართოდ გახელილია! თვალთა ისარი გამიხდა გრძელი, მზერა მაქვს ღრმა და საოცრად ვრცელი: ამდენი სივრცე ხედვის არეში არ დამტევია არც ერთ მხარეში. რა კარგი არის, მხრები ლაღად რომ გაშლილია! სამყაროს მკლავნი გავუწოდე ალერსიანად, ვგონებ, ჩავიკრა დედამიწა მკერდში მთლიანად! ცისფერ სივრცეში ფიქრი ჩემი მიექანება, სულ ზევით, ზევით - ცის გუმბათის თაღს ეტანება. ვით ფუტკრის ნესტარს გადაჰყვება თან მისი გული, მეც ლაჟვარდ ცაში ფიქრთან ერთად ჩავძირე სული! |
















