|
ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი, ჩრდილოთ ვიხილე მცირე ღრუბელი, აზიის მთიებთ დამბნელებელი, მშვენიერ წალკოტთ არ მფურჩვნებელი, ბედნიერთ პალატთ დამამხობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
თვისთა მამულთა ჰყო განავარდნი, არღა ჰყვავიან ზამბახნი, ვარდნი, განჰქრივნა ყოვლგნით, მკვლენ მათნი დარდნი, მათი მგონები აწ, გულო, დადნი, არ მაქვს წამალი მამთელებელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
ზოგნი დილეგთა – არვინ უშლითა, მეცა მეწია ბედით ჩემითა, მიმცა პატიმრად წვიმის ცრემლითა, მათთვის ცეცხლითა არ მწვავს ნელითა, ვინცა არნ ჩემი მაცოცხლებელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
სხვა და სხვა ჰაზრით გველებრ ჭრელობენ, არ მცემენ ნუგეშს, მსწრაფლად მწყრალობენ, მათნი მახვილნი გულსა მჭრელობენ, კვლავ სხვანი მოვლენ, სადგურს მცვლელობენ, მჭმუნვარის გულის დამწყლულებელნი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
ესდენ უწყალოდ განაწირობას, უთმინოს სევდით გულის შეპყრობას, კვლავცა მპირდება ჩრდილოთ მგზავრობას, უცხოს, მწირს ადგილს კვლავ სადგურობას, მყისვე სიკვდილის ვარ მახლობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
ყოვლნო მოყვასნო, დაზრდილნო ყმანო, ვაი მათთანა შვების აღთქმანო! აწვე სადა ხართ, გლოვისა ხმანო? სადავითოსა მტილს შინა თქმანო, უნუგეშოდ – არ დასათმობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი.
არ ხანიერო, წუთ-საყოფელო, მცირის ჟამისავ არ დამყოფელო, ჩემებრ უბედოთ ცუდ საყოფელო, მაგრამ ბედნიერთც პირ დამყოფელო, ვინც არ გენდობის, ვარ მადლობელი. ჰოი, ვითარ ვსთქვა განსაკრთომელი, ჩემის სიცოცხლის დამამცრობელი. |
















