|
რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი? თუმცა იხილეთ მნათობთ ვნებანი, იერიქოს ვარდთ უცხოდ რებანი, ნაზთა იათა ცრემლით ვსებანი, უთმინოთ ოხვრით სულთქმა-ვებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
შვენიერ ვარდთა, ედემით სხმულთა, ზამბახთა თხზულთა, უზადოთ მკულთა, თვისთა მამულთა, აწ განკარგულთა, არ სცემ ლხენასა მცირეს ჟამს გულთა. გწადს სევდით მოცულს ველთა რბენანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
დიდებულს პალატს, მსწრაფლად დამხობილს, შვება-სიხარულს, ტრფობით შეტკბობილს, ეტლს დაბრუნებულს, მოყვასთგან გმობილს, გსურს მყის სიკვდილი, გულ ლახვარ სობილს, არღარად გნებავს სიტყვის გებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
მსმენთაგან ძნიად გასაკვირებსა, უთმინოდ სულთქმას განახშირებსა, ყოვლთა მტერთაგან დასატირებსა, ნუ სწუხ, დაშრტება ცეცხლთა დებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი?
მარად სისხლისა ცრემლთა დინება, გუშაგთ სიმრავლით თვალთა შინება, მათგან უწყალოდ ჭირთა სმინება, რადგან ჩრდილოთ მზემ ესრეთ ინება, კრძალვით ითმინე სახმილთ გზნებანი. რად გკვირს პატიმარს მწუხარებანი, მცირეს ხანს ლხინთა განმწარებანი? |
















