მთარგმნელი: თამაზ ჩხენკელი
|
უქმია, მაგრამ დიდებული წინანდებურად, ეგ სავანენი - მიჯნურთა და დიდების ბუდე; ყმადნაფიცებს რომ იურვებდა - მაღალი ზღუდე დაამხო დრომ და უსურვაზის ჩრდილმა შებურა. აქ დავიწყებას გაუშლია ფრთები მეფურად, ითვლის ჟამთაგან დაქცეული სიცოცხლის წუთებს, და სუროს ფოთლით შემოსილი სვეტები მრუდე და ნანგრევები მწუხარებით გარინდებულან. მხოლოდ ნატიფი შადრევანი - ყველას მაგივრად მარგალიტებად გაბნეული ცრემლებით ნანობს და ეფინება ამ უდაბნოს ყრუ დაძახილად: ჰოი, სადა ხართ, ტრფიალო და დიდების ძალო, თქვენ გემეუფათ, დამშრალიყო ჟამთა სვლით წყარო, ვაგლახ! ის კვლავ დის, ხოლო თქვენი კვალი აღგვილა. |
















