|
თუმცა ზოგისთვის ეს ცხოვრება ავბედითია, ჯერ კიდევ ბევრგან, სამწუხაროდ, ისმის: - ვაიმე! ადამიანის დღეს აღმასვლა ისე დიდია, - ძნელია, შესძლო, გაოცების გარდა, რაიმე.
მნიშვნელოვანი, ღირსეული და თვალსაჩინო - ჩემშიც გროვდება ყველაფერი, რაც ხდება ირგვლივ... ენამზეობა თუ ოდესმე იყო საჭირო, ყველაზე მეტად საჭიროა ამჟამად იგი.
მოგზაურობა გამიგია ქვეყნის გარშემო, მიღწევაც ვიცი არაერთი ჩვენი თუ სხვისი, ვიცი: არსებობს ტელეფონი, არის რადიო, ტელევიზორიც, ელექტრონიც არსებობს, ვიცი,
მაგრამ... მთვარისკენ, ვესპერისკენ აღება გეზის, - რაც მართალია - მართალია - პირველად მესმის!..
- ვინ? ჟიულ ვერნი? წაგვიკითხავს, ჩვენც ვიცით იგი, მაგრამ დღეს არა ფანტაზიის უნარი გვიკვირს, არამედ ფაქტი, სინამდვილე, ხორცშესხმა ფიქრის, თანამედროვის ცათასწორი გონება ქველი, ფაქტი - დღე-დღეზე, აგერ-აგერ, რომელიც გველის.
ეს ყველაფერი პროლოგია, პროლოგი, ვიცი... გასაოცებლად რაც გაკეთდა, - მყოფნიდა ისიც... ძველ საოცრებას ეს ახალიც დაერთო ახლა, და... აღარ ვიცი, აღარ ვიცი, ღმერთმანი, რა ვქნა!
- ან გამოხადე ეპოქა შენი, ანდა წერაზე აიღე ხელი! ამოირჩიე ორიდან ერთი! - სხვა გზა არც იყო, არც არის შენთვის! -
აქედან მესმის, იქიდან მესმის, დაბლიდან მესმის, მაღლიდან მესმის... ვაპირებ კიდეც... ჯიუტობს ლექსი... - ახ, მთვარევ, მთვარევ! - ვიღაცა მღერის, რჩეულიშვილის გამოდის ლანდი, ყაბაღის ღამე... ამბორი ხელის... ბაკენბარდები და ექსელბანტი... ცაში კი მიჰქრის თანამგზავრი, მიჰქრის და მიჰქრის... ტრამვაის ხაზი, რკინიგზის ქსელი, ვით ნერვიული სისმტემა ჩემი... სკრეპერით, ლიფტით, სპიდომეტრით - სავსეა ფიქრი... ვიზრდები, როგორც მომავალი შორიდან გემი.
ვგრძნობ: ბევრი გრძნობა დავკარგე ძველი, ვგრძნობ: ვიძენ გრძნობებს - სრულიად ახალს. -ახ, მთვარევ, მთვარევ! - კვლავ ვიღაც მღერის, - ვიცინი, მივქრი მაღლა, სულ მაღლა.
მივქრი და მივქრი მაღლა და მაღლა, - დედამიწიდან სულ ღარ ვჩანვარ, - პატარავდება მიწაზე ალვა, პატარავდება დიდრონი მთები, ვადიდებ - ეს გზა ვინც დამისაგნა... პატარავდება, პატარავდება... და... დედამიწა სრულიად გაქრა.
მანიჭებს ლხენას, უსაზღვრო ლხენას, რაც თვალწინ ხდება და, რასაც ვხედავ, - ტანს ვატან ლურჯი ჰაერის რხევას, და... სიხარულში ურევია პატარა სევდაც...
ვხედავ: გაშლილა ზღვათათანა სამშობლო ჩემი, - თავის აპრილით, მკათათვით და იანვარითურთ. ისე მცირეა აქედან ის, ზღვა ისე ვრცელი, - ვშიშობ, ვწრიალებ, ვერ ვისვენებ, ვფიქრობ: - ვაითუ!..
ზღვიდან ამოდის ხოლმე ამ დროს რუსთველის ლანდი, ამოდის ლანდი - ფერთა სამთა მახარობელი, ამოდის ლანდი, ამოდის და... ეს ის ლანდია - არის რომელიც, ჭეშმარიტად არის რომელიც - ქართული სიტყვის უკვდავების მძლე გარანტია! |
| პოეზიის გვერდი • • • |
















