|
წელიწადის დროების მოძრაობა წრიული გრძელდება და მოგელის თეთრი ვესტიბიული. მოოქროვილ თაბაშირს, ტილოს დეკორაციებს, შენ ბავშვივით შეჰყურებ, ყველაფერი გაცინებს. მაგრამ რამპის გადაღმა როცა კვდება რომეო, შენი ცრემლი უპეზე ბრწყინავს, მიუწვდომელო!.. როცა უჩინარდება შერხეული მუყაო, მსახიობებს კანფეტი გინდა გადაუყარო. შენ ხარ იდუმალება და ღიმილი ფარია, იგი არც თანხმობაა, იგი არც უარია. შენ გსურს სამოგზაუროდ ხომალდები ამიგო. შენი ლურჯი ოცნების ფრინველია ფლამინგო. საით უნდა გავცუროთ, საით უხმობ მომავალს? ძირს ჩამოდის ფოთოლი... ვისი შემოდგომაა?..
მოდი, მომიახლოედი, მე გაკოცებ უთვალავს, შენი კაბა შრიალებს, გარეთ კიდევ თუთაა... ვერსად ვერ დავივიწყებ, სადაც უნდა წავიდე, შენი საბნის ბორცვებზე მოქანავე ყვავილებს. საათს გადმოჰყოლია სიჯიუტე შევალის, რას თვლის? რის თორმეტია, ანდა რის ნახევარი? ჩემსკენ გამოგიწვდია ხელი სერაფიმივით და ბალიშის ჩარჩოში ბრწყინავს შენი ღიმილი. ნუთუ ჩვენთვის ოდესმე მოვა დრო უმკაცრესი, აცივდება ოცნების სამნავიან ტაძრებში, ან ხავსს მოეჭიდება დაძარღვული თითები. სიტყვებს განუსაზღვრელი ნდობით ნუ ეკიდები. ჯერ ადრეა, რა გინდა, რად აწუხებ მომავალს, ძირს ჩამოდის ფოთოლი, სხვისი შემოდგომაა...
რომ სხვები არ დაგეფრთხო, შენ სიყვარულს მალავდი, დიდხანს ხელს აფარებდი, მაგრამ მაინც სანამდის გსურდა რომ დაგეფარა, თრთოდა, როგორც წერილი, ირგვლივ იფანტებოდა ყვავილების მტვერივით... შენი უმანკოება თითქოს მზეზე ბრწყინავდა, შენი სხივი მიჰქონდათ ოცნებების ბინადართ, როგორც თივის ღერები ფრინველების ნისკარტებს... ახლა ნელა მივცურავთ
მშვიდი კვირადღისაკენ. თითქოს სიჭაბუკეა და არც სიჭაბოკეა, და ის აღარ აღელვებს, რასაც გუნდრუკს უკმევდა. უფრო მძიმედ ვეყრდნობით სკამებსა და მაგიდებს, მაგრამ შენი ღიმილი თვალებს ისევ ამინთებს, ახლა საით მივდივართ, საით უხმობ მომავალს? ძირს ჩამოდის ფოთოლი... ვისი შემოდგომაა?.. |
| პოეზიის გვერდი • • • |
















