|
კვლავ მასთან მოველ, ისევ აქ არის, მიყრილ-მოყრილი, აულაგები. მეცნო ბავშვების ნაეშმაკარი - განაკაწრები, მელნის ლაქები.
ცხრაჯერ გავიდა უკვე აპრილი, რაც აი, თითქმის ყოველ საღამოს მე მის კიდეზე ვარ თავდახრილი.
რამდენი ლექსი ფრთებდამხსვრეული... ბოლომდის მხოლოდ მას წაუკითხავს ჯავრის ეკლებით სავსე რვეული.
მისი სიფხიზლით ვიყავ ფხიზელი, მხოლოდ მან იცის ყველაზე კარგად, რაც მსურდა, რატომ ვერ შევიძელი…
ძველია თემა და გაცვეთილი, მაგრამ არ ჯავრობს ჩემი მაგიდა, ვატყობ, უსაზღვროდ გახდა კეთილი.
მე მესმის მისი უხმო წადილი - ხომ მასაც სურდა ერთხელ ენახა, როგორ იქმნება ლექსი ნამდვილი...
მისი სურვილი და იმედები; ასე ერთმანეთს დავემსგავსენით, ასე, ერთნაირ ბედში ვბერდებით!
ალბათ იღბალმაც მიტომ შეგვყარა. რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებდით, როცა ცრუობდა ირგვლივ ქვეყანა;
რომ მშობლიური შეგვრჩა გრძნობები, რომ ვიცი, ორთავ დაგვწყდება გული, როს დარეკს ზარი დამშვიდობების! |
















