|
მე მარტო არ ვარ. არც არავინ ყოფილა დღემდე. სულ ტყუილია, პოეტები აზვიადებენ. მარტო რომ იყო, მეფე უნდა იყო ან ღმერთი... გაღებულია ოთხივე კარი და დრო სამივე, როგორც პირქარი - დაძენძილ ღრუბლებს ოთხივე მხრიდან მოერეკება.
ჯვარი მწერია. მილიონიან ჩემი ქალაქის მხუთავი კვამლით გაჟღენთილ ჰაერს ჩემთვის ძვირფასი და საყვარელი იმდენი კაცის ფილტვები სუნთქავს - რომ სრულიად საკმარისია პათეტიკურად განვაცხადო: მე მარტო არ ვარ!
უკანასკნელი მზეთუნახავი კარგა ხანია, დღისით, მზისით, ცისა და მიწის თანდასწრებით თავის უფლისწულს ყელზე ურცხვად ჩამოეკიდა.
იმ მარტოობას - კაცი რომ კაცის გვერდითაა და მაინც მარტოა - სხვა სახელი გამოვუძებნეთ: გაუცხოვება... მაგრამ მას "სოფლის სიამენი აღარ ელტვიან" - როგორც უწინ...
მაგრამ ის ცეცხლი სხეულს ათბობს - სულს კი ახლოს არ ეკარება.
ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენ ცალცალკე ვართ, ვით ლოდები მომწყდარნი კლდიდან, დაბლა, უძირო ხეობისკენ დაქანებულნი...
არც არავინ ყოფილა დღემდე. სულ ტყუილია პოეტები აზვიადებენ!.. |
















