მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 155 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩემი ქალაქი თავს არ ენდობა,

როგორც ქაღალდის სუპერს "ლაიფი"

და ჩანს "ლევისთან", როგორც შენდობა

ქალაქის ყველა "სუპერ რაიფლი".


დღეს ჯუნგლის "შტადტსაც" აქვს მისი შტრასსე

და ყველა ბიჭის თავში დევი ზის.

-ჩაიცვით მხოლოდ "ლევი შტრაუსი",

ვისაც ყოველთვის ჰქონდა დევიზი.


შენს გვარს კი განგებ წერენ აბრაზე,

რადგან პოეტის მაღალ რანგს ელი,

ქალაქის ყველა "სუპერს" აბრაზებს

ჩემი "ლიი" და შენი "ვრანგლერი".


უნიჭო, როგორც ჟურნალი "სმენა",

აგურით ხეხავს "სუპერის" ტოტებს.

ბიჭი, რომელსაც არა აქვს სმენა,

ერთმანეთისგან ვერ არჩევს ნოტებს!


მან უკვე სამჯერ აიღო "სოლი",

უნდა აეღო, თუმცა, ორჯერ "სი"

და სულ ამაოდ ამაყობს ცოლი

ქმრის ნაჩუქარი ლურჯი "როჯერსით".


მაინც ემჩნევა, რომ პატენტია,

ბრწყინავს საწოლი "ალა ბაროკო",

რა ქნას, რომ ქმარი იმპოტენტია,

გასცილდეს, ხალხი ალაპარაკოს?!


მას "მერსედესის" ნაცვლად აქვს "ფორდი",

აკადემიის დაფნები, ტაში...

ახლაც ლექტორად იწვევს ოქსფორდი

და არც ღალატი მოუვა თავში.


და ქმარიც ბრაზობს და, თუმცა, გაცვდა,

აღარ უყიდის, ალბათ, ბიჭს ჯინსებს,

"როლინგების" და "ბითლსების" ნაცვლად,

რადგან ყოველდღე უსმენს "ბიჯისებს".


და წუხს გულწრფელად - აემ სოფრაიზდ,

რომ არა "ფარფლებს" ანდ "ლედ ზეპელინს",

არამედ ჯიმის და "ჯესუს ქრაისთს"

სუნთქვაშეკრული უსმენს ზემელი.


მის ცოლს კი ეჭვი ალაპარაკებს

წყენა შევატყვე მე ლონდას ტონში,

რომ შენთვის ფერავს ალა პარიკებს

"ლონდა კოლორში" და "ლონდა ტონში".


შენც ყურადღებით გასინჯე იქვე

ლონდას საყვარელ დისკებში თუა:

"ლეა სათენიქ მეჯესთის რიქვესთ"

ანდა "მეჯიქალ მისთერი თუა".


მხოლოდ ის ჩათვლის ბრაკონიერად,

ძუძუ ვისაც არ აწოვა ნებით,

ის კი სრულიად კანონიერად

სარგებლობს შენი სრულწლოვანებით.


მისი ოცნებაც, თუ ოდნავ ახდა,

მეტი არც უნდა. ორი კაცი კი

ყოფს დღედ და ღამედ, როგორც ნავახთა

წელს - ზაფხულის და ზამთრის კაციკი.


შენ ჯერ არ იცი, ვერ ნახავს რომ მეტს,

ეს არის მისი ბოლო რეიდი,

რომ შენგან მისი გამოსვლის მომენტს

დააფიქსირებს "პოლაროიდი".


შენმა ქალაქმა აიღო გეში,

შენც კარგად იცი მისი ბუნება:

თქვენს სახელებსაც ათასჯერ დღეში,

ყველა ბრუნვაში ელით ბრუნება.


ტახტზე გადაშლილ "კანდიდს" დატოვებს,

როდესაც წყნეთში ავა ვაკიდან,

ენებიც იცის კანდიდატობის

ქაღალდს ყოველდღე ელის "BAK"-იდან.


თუმცა, ენებიც ათასგვარია

და, ალბათ, ენებს აჰყვა მარინა,

როცა ქალაქის მტვერში გარია

შენი თვალების აკვემარინი.


თავმობეზრებულს საქსით და სექსით

შენც მოგისჯიან, წერო დაქტილით,

თუმს, ჩანს შენს ლექსთან მეგობრის ლექსი

როგორც "ბოინგთან" პტეროდაქტილი.


მე ისიც ვიცი ზუსტად, თუ რითი

უნდა დამთავრდეს ეს მოტორალი,

როცა "ფიურითი იზ ობსქიურითი"

და შენი შენვე ხარ მოტირალი.


როცა მსმენელზე ფიქრობს - რატომ ჭირს,

ჰყავდეს სიმღერის მონო ციკლს მეტი...

და უცებ დილანს - "ბლექ სპორტთან" მოჭრის

თვალს მთვარე - ღმერთის მოტოციკლეტი.


გიჟურ ვირაჟით გარიჟრაჟს ხაზავს,

როგორც ჩემი ძმა სმენას კიდ ორით,

ბობ დილანის და გიტარის ნაზავს

თავს ბობ დილანი ადგას გიტარით.


უსმენს ცის შემძვრელს ბარე ორ ბალით

მოწყალების და თნობის დის კივილს,

ალმოდებული შავი ბორბალი

ბრუნავს "ბლეიზინგ ვილ"-ის დისკივით.


"ფორდს" შიში არ აქვს გზის უკუღმართის

და სიხარულით შიგ არ ეტევით,

და ჩაგიქროლებთ კომეტა - ღმერთის

გადაგდებული სიგარეტივით.


ორმოცდა ხუთად ნაყიდი "ლი"-თი

მომქონდა შენთან ორი ბილეთი

და გაკვირვებდი ვივიენ ლითი,

ანდა ლოურენს ოლივიეთი.


ან კიტ რიჩარდის სოლო გიტარით,

ან "სუპერ სტარ" - ით, ან რინგო სტარით,

შეკეთებული "ყაზბეგის" ტარით,

"ფლეიბოითი" ან "ოჩენ სტარ"-ით.


შენ, ჩემო სევდავ, ამაყობ ამით,

მევიოლინე ხარ რუმინელი

და ვინც ჩემსავით იძინებ ღამით

ხან "პიპოლფენით", ხან "ლუმინალით".


ხარ მოწყენილი, როგორც პასტორის

დღეების რიცხვი ლუწი და კენტი.

არ იშოვება არსად "ასტორი",

გაქრა "მარლბორო", გაძვირდა "კენტი".


ის კი ჩურჩულებს, "მევასები" და

კვლავ დინამიკებს რთავს "ფორდ მოტორსი"-ს

და როგორც ზღვიდან, "ლევისები" - დან

ამოდის მისი სტერეო ტორსი.


ღმერთთან ჯვარცმული, ხარ გარეწარი,

თუმცა, არასდროს გითვალთმაქცია,

არც ცოდვას ნანობ, რამაც ზეწარი

იაპონიის დროშად აქცია.


როგორც ქართველი გათხოვებამდე,

გაუფრთხილდება იციც, ალბათ, ტორსს

ჯინსების ფონზე რომ ფეთქავს ამდენს

ხელი თოლიას ჰგავს ან ალბატროსს.


ის დარცხვენილი და მადლობელი

უსმენს ტრანზისტორს "სუპერ მარკეტზე",

და საწოლიდან გაწვდილი ხელი

ისევ ბრმად ეძებს ჯინსებს პარკეტზე.


შენც ბრმად ეძებდი ან, უფრო სწორად,

ბრმად ენდობოდი საკუთარ ნებას.

"ქალის ფეხსა და ფეხს შორის წოლა"

შენც ჰამლეტივით გიქადდა ვნებას.


შენც ეძლეოდი თუ სდევდი ერესს,

დღეს სულერთია, დე, ასე იყოს,

შენი ცხოვრების უბედნიერესს

წუთებს პირველად ითვლის "სეიკო".


და შენც შვილი ხარ იმ ფორმაციის,

სადაც იდეა მეფობს "ბიგ-ბიტ"-ის,

შენთვის შემცველი ინფორმაციის -

ბიბლიის ოთხი მილიონ ბიტის.


რომ ინატრებდა მთელი ლევანტი,

დედა ოდესის, ლვოვის, ვინიცის,

სანდალოზის ხის, ბულეს სერვანტი

როკოკოს სტილში, იქვე, ვინ იცის.


სულაც ნაქონი მარიკა როკის

ვენური, შინდისფერი კომოდი...

ხან ელვის პრესლით - რეკლამა როკის

და ჰოლივუდის - პერი კომოთი.


გახსნილი ბლოკი "კიმ დე ორო" - სი,

გახსნილი ბოთლი "ბლექ ენდ ვაით"-ის,

მაცდური გვერდი კიდევ ორასი

"ვივისექტორი" პატრიკ ვაიტის.


მაგრამ ჯერ პირი არ უჩანს შაბაშს,

ისევ სავსეაკანისტრა ვისკით,

ჩვენს სიმარტოვეს და კარტის თამაშს

"კარტის თამაშით" ავსებს სტრავინსკი.


ჭრილობა გასდევს ღაწვს ნახიშტარი

და გრძნობს ყაზბეგის ტომის ბისონი.

ხელისგულს გიწვავს, როგორც ხის ტარი

"კოლტის", "ნაგანის" ან "სმიტ ვისონის".


მუზეუმების გელის დეკადა

(წუხს სტადიონი თუ ველოტრეკი) -

ბალერინებით - ედგარ დეგა და

შანსონეტკებით - ტულუზ ლოტრეკი.


გინდა "ლონგ ჯონში" ჩაახრჩო კერის

ძახილი სევდა "ვოომ თაუნის"

და უნდა სცადო, გახდე "ჯოკერი",

თუ ცხოვრებაა "აფ ენდ დაუნი".


მონატრებულნი განმარტოებას

დღეები დაღლილ ვნებებსაც ვნებენ,

ქალბატონები ბანტუს ტომების

მიამიტობით მიატოვებენ.


მათივე ტანით ტატუირებულ

სხეულს, სისხლს, სახეს, სახელს და სახრავს.

ტაბუს მადებენ და თუმც პირველი

ვარ, ყველა სურვილს გაამხელს ახალს.


და მოხალისე მოახლედ მხოლოდ

სევდა დარჩება ჩეთან - მშვიდობით,

თუმცა, ვერცერთი გითხოვეთ ცოლად,

შენდობას ველი, მე თქვენ მინდოდით.


ახლაც გოლგოთად ექცა აღმართი,

ვინ იცის, ხვდება, გავცვალე ვისში,

მისი გოგო კი, როგორც ქალღმერთი

ზღვაში, წელამდე შედის "ლევისში".


თუმცა, კარს მომდგარ "ალფა რომეოს"

წყალობით მწარე სიმართლე ვიცით,

ჩვენც ვითამაშებთ ალბათ რომეოს

და ჯულიეტას ლურჯი "ლევისით".


როგორც გილანი ქრისტეს - შორტებით

ანდა ჯინსებით ჰამლეტს - ვისოცკი...

გაგვყრიან, მაგრამ არ დავშორდებით

და გავაოცებთ, ვიცნობთ ვისაც კი.


ფერმწერ გოგოსაც, რომ სვამს ტრიპტაზინს,

მკაცრ ილუსტრატორს არტურ შნიცლერის,

ორგანიზატორს შენთვის სტრიპტიზის

იაფფასიან "ნატურშნიცების".


და არა ჩემი სიტყვის მაგიით,

შენ რეტდასხმული დგახარ იმ ფაქტით,

რომ არა ტყვიით ან ნოსტალგიით,

შენი თაობა კვდება ინფარქტით.


ამაოდ ელის "ჰეფი ენდს" იქსი,

ვერ გაექცევა ვერაფრით იჭვებს...

და ღამე, როგორც ჯიმი ჰენდრიქსი,

ყველა სატკივარს უყუჩებს ბიჭებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ