|
სულო დაღლილო, უთვალავი საუკუნეა ჩვენი ცხოვრება, მკვდარ დღეებით შემონაგარი, იშვა ხმაური უცნაური, ეს გუგუნია შენს ნაპრალებში ატეხილი შფოთიან ქარის.
შენი წამება იყო მძიმე და სავალალო, მაგრამ ეს ხვედრი შენ მიიღე შუაღამიდან და ეს სიავე სხვას არავის არ დააბრალო.
გაჩენის დღიდან იყო მზეზე გადაფენილი, დღეს მე ვარ მხოლოდ შენი მსხვერპლი და მომდურავი საზღვარს გადაღმა რომ ხარ მარად გადაფრენილი.
და მოჩვენება - გამოვლილი ქარის ხელებში. გამოუცნობი. მწუხარების კვამლად ილევი სულო აჩრდილო, განბანილო ცრემლის ღელეში.
ღამეს მოუთხრობს გახარებით შენს სიკარგეზე. მე სინამდვილეს გადამცდარი, დაცილებული გემუდარები, ნუ ეცემი მთვარის სარკეზე.
სამარადისოდ - მზე იქნება შენი მგმობელი, სულო, დაღლილო, მომისმინე ეს სათხოვარი სულო, შენ ღმერთო, ქვეყნისაგან შეუცნობელო!
* * * * * * *
არ შეგეშინოს ჩემო სულო, ჩრდილი კანკალებს! ეს მე ვარ მხოლოდ მისი სახე, შენი მბურავი. მოჰყვება ღამე სადაც არის ქარის ნაკვალევს და შენი თვალი აივსება ყრუ სამდურავით. მაგრამ ეს წყლული, ღამე ამბობს: უნდა გეფინოს. არ შეგეშინოს ჩემო სულო, არ შეგეშინოს.
აქვს დავალება, რომ დაღალული შენი ფრთები ცეცხლში გაივლოს. და გათეთრებულ იმედების ფერისცვალებას სიმაღლე შეხვდეს უეცარი, გატყდეს და ივნოს; ოღონდ ეფინოს შენს თვალებზე ჩრდილი ეფინოს. არ შეგეშინოს ჩემო სულო, არ შეგეშინოს.
რომ დაჰყვა ალი. და უფრო დიდი გაღიმება. უხილავ ქარის. შენი ოცნების დამძიმების ყოველი კვალი, არის იერი და სახელი წამების ჯვარის. მაგრამ ეს წყლული ღამეების უნდა გეფინოს. არ შეგაშინოს ჩემო სულო, არ შეგეშინოს.
მრავალი ჟამის, შენ აღელვებულ გრიგალებში უნდა გეძინოს. ღამის თვალების გამოხედვა სავსეა შხამით... არ შეგეშინოს ჩემო სულო, არ შეგეშინოს. |
















