|
მედგარ ყივილით შორს სივრცისკენ გადაფრენილი, გულ-დაკოდილი, უნუგეშო და მოწყენილი, აწ ვის ეძიებ, ვის მისტირი, საბრალო გედო, სად ჰპოვებ ადგილს განსასვენსა, შენ ჩემო ბედო?
არა გვაქვს ბინა, არც სამშობლო, არც სარეცელი. მოდის საღამო... სიჭაბუკის შუქი შავდება და ჩვენი ყოფნა არასოდეს არ აყვავდება!
გამოესალმე აუხდენელ სიყრმის იმედებს! არ გამრთელდება დაკოდილი გულის ფიცარი, არ აგვშორდება შურის გესლი, შხამის ისარი!
ჩვენ ხომ არ გვაკლდა აპოლლონის მადლი, წყალობა, მაგრამ დღეს ისე დაგვცეს, გაგვცეს, საბრალო გედო, აწ ვერ იმღერებ, ვერ იმღერებ, შენ ჩემო ბედო!
თუ მეგობრობა, სიყვარული წარმავალია? დაე ვიტანჯოთ, სულ ვიტანჯოთ გულის ტკივილით და მზის სარკეზე მოვკვდეთ თრთოლით, მოვკვდეთ ყივილით!
ცის ნამზე წმინდა, მზის სხივებზე უმხურვალესი, ჩვენ არ გვეღირსა მადლი წმინდა სიყვარულისა და მხოლოდ შეგვრჩა განწირული ჭმუნვა სულისა.
ცხოვრების გრიგალს ავყვეთ ბრძოლის მედგარ სიმღერით თუმც ნეტარება და სიმართლე უფსკრულს მიჰფარდა, დეე გაიგონ როგორ გვწამდა, როგორ გვიყვარდა!
არ მოგვასვენებს უნუგეშო გულის ტკივილი, მაშინ გვეწვევა ჩვენ სიკვდილი, ოცნება - გედო, და მოგვასვენებს, მოგვასვენებს, შენ ჩემო ბედო!
ვაი მას, ვისაც მზის ოცნება არა ვლენია, ვაი მას, ვისაც არ უხილავს სივრცე ბრძოლისა! და თვალთა ჩინათ არ ჰქონია სარკე ბროლისა!
კურთხევა იმას, ვინც ეწვია სოფელს იებით, შენდობა იმას, ვინც შეახო ცეცხლის ფრთა წყვდიადს; მოკვდა ბრძოლაში, მაგრამ მაინც მიწვდა განთიადს!..
ხომ თან წაიღო სული წმინდა, დაუძლეველი? ხომ შემოსძახა ერთხელ მაინც ტკბილი მაყრული, ერის ჩანგზედა უკვდავებათ გამოსახული?!
ქარზე გავფანტოთ შავი ფიქრი, შავი ზმანება, ბრძოლით ჩავაქროთ სიყრმის დილა, ოცნება - გედო, და განვისვენოთ, განვისვენოთ, შენ ჩემო ბედო! |
















