|
ვნახე სამოთხე - ბაღნარი, წალკოტი გაზაფხულისა, შვენება სრული, ნარნარი, დამატკბობელი სულისა; მზითა და მთვარით დამტკბარი, კეკლუცად ყვავის სულ ისა, სამშობლო ქვეყნის ყვავილი, ოცნება სიყვარულისა.
ქალწულივითა ნაზები, ეშხისა გარდამდებია; სტუმარსა მისი ცქერითა, ტრფობისა ცეცხლი მნთებია და საიდუმლო მღერითა გულიც მას შეთანხმებია...
აღმოსავლეთის კარითა, „მზეო - ამოდის" ქვითინებს ჭიშურა ცისკრის ქნარითა, სილორი ფაფარს აიყრის, მთის ამბავს მოსთქვამს ზარითა, რიონი გულში ჩაიკრავს და დაბარებულს ბარითა.
შავი ზღვის შესატირადა: - ისმინოს ვინაც გაიგებს, იზარდოს ხალხის გმირადა!
„ჩემო სამშობლო მხარეო, მკერდი გაქვს ყვავილოვანი, სიცოცხლე შხამზე მწარეო; თუმც ზამთარ - გაზაფხულზედა დაგნათის მზე და მთვარეო, - წყლულები გაზის გულზედა, სისხლია მონარნარეო.
შენი მკლავ - ლაღი შვილები, შენი ძუძუთი ნაზარდი, შენგანვე დალოცვილები? - უმართლო ბრძოლის ველზედა, შორს ჰყრიან დახოცილები და ეხვევიან ყელზედა, ქვემძრომი ჭია მღილები!
და დღესაც მთა და ბარია. - ყოველგან ცრემლი დაგვიხვდი, ყოველგან გლოვა - ზარია. უცხედრო კუბოს დაჰკივის თმა - გაშლილ ქალთა ჯარია, გახელებულა სიკვდილი - ქვეყანა მოუარია!
ტანჯვა და სიმწუხარეო? - შემოილეწე ბორკილი, სევდები უკუ - ჰყარეო! ბუნების სილამაზესა საქმენიც შეუდარეო, აიშვი ბედი დაბმული - სილორსა დაედარეო! ერთხელაც გნახო ლხენითა, იმედით მოელვარეო, საჩინო, ჩემო თვალ ჩინო, სამშობლოს ტურფა მხარეო!“
დუდუნით ყალყზე ხტებიან, ცხოვრებით დაჯაბნებულნი, მედგარ ომითა დგებიან; ყვავილნი თავსა უკრავენ, მთანი ბანს ეუბნებიან, და სატრფო - ქართვლის დედასა შველასა ევედრებიან... |
















