|
მზე ჩაესვენა. ცის დასავალსა წამოეპარა მწუხრი ჟამისა, მთვარეს, სივრცეში ნაზად მავალსა, გარს მოეხვია ბინდი ღამისა;
კვნესა, სიცილი გაჩქარებული, და აციმციმდენ ელექტრონები, როგორც სივრცეში ვარსკვლავთ კრებული.
დღიურ ტანჯვითა გულდათუთქული, იძინებს ყველა, ვისაც დღე ტანჯავს, ბნელ სარდაფში აქვს ბინა - უფსკრული;
სულსა უხუთავს ცხოვრება ბნელი და დაჰქვითინებს დუხჭირ ყოფნასა, შრომის ქურასთან ოფლისა მღვრელი.
უკრავს მუსიკა, ხმაურობს ტაში, კისკის - ქეიფით ჭერი ზანზარებს და ვარსკვლავები კრთებიან ცაში.
ნეტარებს ხორცი თრობით ვნებული, გარყვნილებისა მორევათ ღელავს დიდი დარბაზი გაბრწყინვებული.
მკლავებ-გაშლილი, ყელ-მოღერილი, წელ-გადახრითა მინაბა თვალი, შეაკრთო ბაგე მან შეფერილი;
ხან თვალს ჩაუკრავს; სწრაფად ტრიალებს, ქაფი ეფრქვევა შამპანიურსა და სიამისა ტაში გრიალებს;
ვითა ლერწამი ნაზათ რხეული და გამჭვირვალე ნაკვთნი ბროლისა, გრძნეულ სინათლის შუქ-შეფრქვეული,
ისმის ხმაური, ტკბილი სიცილი; ის-კი კვლავ ცეკვავს; ცეკვავს წარმტაცით, ძალ-დატანებით ღონე-მიხდილი.
აწამე ხორცი, აწამე სული, აწ აღარ იცი, რაა ნამუსი, აწ ჰპოვე მხოლოდ ფული და ფული!
ჟინი ახალი მოევლინება და, როცა დალევ შენ შენთა დღეთა, შენსა მტარვალსა გაეცინება!
შენივ დებისა გაისმის კვნესა: ზოგი ოფლს ჰყიდის, ზოგი ნამუსსა და ზოგნი ჰგლოვენ კრულ სიცოცხლესა;
არა აქვთ საზრდო, არა აქვთ ბინა, - შენ მღერი... იქ-კი, ვიღაც ქვითინებს, ვიღაცამ მწარედ ამოიგმინა!..
მოღლილი ლეში აწამე ქალო, ვიდრე ცხოვრების შხამით აღვსილი მძიმე ფიალი არ გამოსცალო;
მალე გიმუხთლებს შენც, ტურფავ, ჯანი: შრომის ჯილდოთა წყლული დაგრჩება, საცხოვრებელად - ბნელი საკანი! |
















