|
ოხვრით, ქვითინით გამოკეტა ტიალი ქოხი, ტიალი ქოხი, ტანჯვის ბუდედ გადაქცეული, ღმერთი ახსენა, ხელთ აიღო შინდისა ჯოხი და დუხჭირ ყოფნის გზას გაუდგა ბედით ეული.
ვერ გაუმკლავდა შიმშილს, სიცივს, ვაივაგლახსა, გამოიტირა თოხ-სახნისი, აბო, ანჯელი, გამოეთხოვა შეყვარებულ მიწასა, წყალსა.
არ გასტეხოდა ტოლთა შორის ნამუსი, პირი, მაგრამ არ იქნა, არ დაინდო იგი ზეცამა, არ დაიშურა მისთვის ტანჯვა და გასაჭირი:
გამოაცალა მთელი წლისა სარჩო-სახსარი, მღვდელი, მოხელე, მეზობელი მას მიუსია და ჯოჯოხეთსა დაემსგავსა მისი სახლ-კარი.
არ შეიწყნარა განწირული, გაწბილებული, მალვით, ქურდულად მეფე-ჭლექი შემოაპარა, შიმშილის სახით, ჩაგრულთ მხსნელად მოვლინებული..
გლოვით და ზარით ორი კუბო გადაასვენა, მიწას მიუძღვნა, რაც გააჩნდა წუთისოფელში და მათთან ერთად მისი ყოფნის მზეც ჩაესვენა.
მაგრამ შიმშილმა, გაჭირვებამ ხარკი აიღო, ბავშვობიდანვე მას სახელად ტანჯვა ეწოდა და კიდეც ტანჯვა-ჯოჯოხეთის კარი გაიღო...
სად მოიპოვოს მყუდრო ბინა, ნავთსაყუდარი? - იგი შენია, შენ გეკუთვნის ბედო ცბიერო, არ უღალატო! ჩქარა კუბო, ჩქარა სუდარი!
ეს ოცნებები რახანია გამოიარა, იგი სავსეა მწარე ბოღმით, სავსეა შურით, რომ ნაღველ-გესლად დაიბრუნოს თვისი იარა!
გადაერევა ზღვა ცხოვრების გრგვინვა-ქუხილსა და სიყრმიდანვე გამოწვრთნილი იგი ტანჯვაში რღვევის ქარცეცხლათ შეერთობა რკინის დუღილსა.
შრომა და ფული, მუშის ოფლი და მდიდრის მადა, - იჭექებს მკლავი, აზვირთდება შრომის უფსკრული და ბოროტების ტახტ-პალატი იქცევა მტვრადა...
ვერ გაუმკლავდა უკუღმართსა შენს კანონ-წესებს, სადმე ქუჩაზე მძიმე ტვირთ ქვეშ ის დაეცემა და ქვეყნის ვარამს, ქვეყნის ნაღველს ამოიკვნესებს.
ცხოვრების ბოღმას, რკინის გველად შემოჭედილსა, ცრემლით, ვაგლახით, თუმც არავინ არ გააცილებს, არც ჩაიყოლებს სიყვარულის ხსოვნას კეთილსა!..
ეგ სიდუხჭირე მწარე ბრძოლით აღმოიცანი, მაინც სისხლს ანთხევ, უბედურო, წამების ჯვარზე, მაინც ტანჯვაა შენი ყოფნა, შენი მიზანი!
შრომის ჯურღმულში, შრომის შვილსა დაგითმობს ბინას, ერთი გექნებათ თქვენ წამება, ლხინი და გლოვა. ერთად დაადნობთ გულის ოფლსა, ცრემლსა და რკინას.
იქ შეგზიზღდება შენ თილისმის ოქრო და ვერცხლი და სისხლით მორწყულ ახალყოფნის საკურთხეველზე თავისუფლებას გამოსჭედავს რკინა და ცეცხლი! |
















