|
აიმ მთაზედა, მწვანიანზედა, ია დავთესე, ნარი მოსულა! წყარო წყალზედა, ბროლიანზედა, წყალს დავეწაფე - შხამი ყოფილა! სხვამ იმავ მთაზედ შხამი დაჰთესა, შეჰხედე ბედსა: ვარდი მოსულა! სხვა იმავ წყალზე წყალს დაეწაფა, უკვდავებისა წყარო ყოფილა! აიმ მთაზედა, მწვანიანზედა, მე გავაშენე სევდისა ბაღი; შიგნით დავავლე ზურმუხტის კვლები და ზედ დავნერგე სიყვარულის ტყე. მალ-მალე ვრწყავდი სამოთხის წყლითა! ჩიტნი მოვიდენ, არ დავუშალე, ია და ვარდი წინ გავუშალე. შამოეჩვია ირმისა ჯოგი, ვერ გავიმეტე, სხვამ ინადირა! მიყვარდა ია, მიყვარდა ვარდი, იასამანი, ნარგიზი ნაზი. აქამდე მოველ, ხელიც არ ვახლე, არც ერთ ყვავილსა, - ნარგიზს ვაკოცე. |
















