|
ქალი, რომელიც არავის არ ჰგავს, და უყვარს ახლა, მგონი, არავინ... გამოპრანჭული ყრის ხოლმე ნაგავს, და სულ უცხოსთან უყვარს სალამი.
და სულ აჭარბებს ფიქრის მოლოდინს, სიტყვით ჯიბეში ვისაც ჩაისვამს, მას არ გაუმხელს სათქმელს ბოლომდე...
დილას, გატანილს უკვე არეზე, ფეხზე ჰკიდია ხიბლი გლამურის, რადგან თავის თავს არსად არ ეძებს...
მაგრამ განწყობებს არ სვამს ზეროზე. ისე გაგიყრის მაცდურ თვალს თვალში, რომ დაიჯერებ, რაც არ გჯეროდა...
და სულ "დროულად" ხვდება შემთხვევას, საათობითაც თუ დაუცადე, შენთან არ მოვა დროზე ერთხელაც.
მინდორს, მოჩითულს მუდამ გვირილით, წლებს გაატანა ყველა სანაღვლო და ტუჩზე საცხად დარჩა ღიმილი...
გონების ფირზე ერთ დიდ "სტოპკადრად", გადატანილი განსაცდელივით ხსოვნას ხელკავით ჩემსკენ მოჰყავდა... |
















