|
მაგრამ ისე სტკიოდა გული, ეკლის გვირგვინი რომ დაადგეს, არც გაუგია...
* * * * * * *
თქვი რამე სიკვდილის წინ. - იქ უფრო მეყვარება.
* * * * * * *
განსაცდელის ჟამი თუ დაუდგათ, ერთმანეთს ისე ჩაეჭიდებიან და მიენდობიან, როგორც მიწისძვრისას კედლები.
* * * * * * *
ერთმანეთი არ დაუბერებიათ - ერთმნეთს შეაბერდნენ.
* * * * * * *
დაეცა - ჩაიცინეს, წამოდგა - გაუცინეს.
* * * * * * *
პატრონებისგან განსხვავებით სახლები ერთმანეთს უცინიან, მზე როცა ამოდის...
* * * * * * *
ღმერთისათვის სათქმელი სიტყვები, ყვავილებად მოისხა დედამიწამ.
* * * * * * *
ერთი სტრიქონია ცხოვრება მთელი: "ველოდი. ველი."
* * * * * * *
და ყველა დამარცხდა, ვისაც სიყვარული თამაში ეგონა...
* * * * * * *
ქვის მსროლელი ყელამდე ოქროშია, ოქრომჭედელს ენატრება ნამცეცი ოქროსი.
* * * * * * *
ექომ ღრუბლის სარკმელი გამოაღო და სინათლის მკლავებში დადუმდა...
* * * * * * *
დარდის ციცაბოებს სიყვარულის წრიაპებით დაკიდებული.
* * * * * * *
დერეფანში ვიღაცა დადის და ნაბიჯების ხმაზე ეტყობა, რომ არც მომავალში დაინდობს დარდი…
* * * * * * *
ვარსკვლავები ერთად რომ ენთებოდნენ, ვარსკვლავები ერთად რომ ქრებოდნენ, ვინღა იფიქრებდა, რომ სამყარო ღმერთის შექმნილია?!
* * * * * * *
აქ ერთმანეთზე მშვენიერია სიკვდილ-სიცოცხლის ნატერფალები - მხოლოდ ცა თუ გაარჩევს...
* * * * * *
უჯრაში შემოვიდნენ ხელი და სინათლე და უბედნიერესი ტყუპებივით ხარობენ კალამი და ფანქარი.
* * * * * * *
და არც ისაა შემთხვევითი, ჯვარს რომ ემსგავსება ფრინველი ფრთებგაშლილი.
* * * * * * *
ქალის გული ნათელია ვით წყალი სამოთხისა კაცის გულში მზიანი ნისლია.
* * * * * * *
დედა ტვირთისაგან მოხრილი როგორც ფუტკრისაგან ყვავილი.
* * * * * * *
ბაღის ფერადი აივნიდან გაცურდნენ მზისკენ ნისლის დელფინები.
* * * * * * *
სიცოცხლე - გაბზარულ ხელადაში ჩასხმული წყალივით.
* * * * * * *
ღამემ სიბნელე შემოგწირა და დღემ - სინათლე შენ ორივეს სიცოცხლე უძღვენი.
* * * * * * *
მონატრების მკლავზე ჩაძინებულს შენი ხმა მესიზმრება.
* * * * * * *
მაგრამ სულ სხვა სიყვარულია, - ყანა რომ შეირხევა და ცის ნაპირები იგრძნობენ.
* * * * * * *
ღიმილი გულისა და გონების ნათებაა ფიქრის მელოდიაა ღიმილი.
* * * * * * *
მელოდია ღმერთის გულისა - თენების ფერები და გალობა.
* * * * * * *
სინათლიდან ჩრდილში გადავდივარ, როგორც მაცნე მზის უკვდავებისა, და ჩრდილი ნათდება...
* * * * * * *
მე დღესაც გენდობი, როგორც დედამიწას ენდობა ოკეანე, როგორც ოკეანეს ენდობა მდინარე, როგორც მდინარეს ენდობა ყვავილი, ჩამოვარდნილი ნიავის ტალღიდან...
* * * * * * *
მიწას გაექცა და ღრუბელზე აუსხლტა ფეხი და ჩრდილთან ერთად გაქრა სივრცეში...
* * * * * * *
წაქცეულ სიმწვანეს სცვივა ყვავილები და ერთმანეთის ჭრილობები სტკივათ ჰაერსა და სინათლეს.
* * * * * * *
ფიქრიდან შენი ხმა შემოესმა და ზამთრის სივრცეში გაზაფხულის ნათელი იხილა.
* * * * * * *
მეფეზე ბედნიერია ხვლიკი თბილ ლოდზე რომ წამოწოლილა და გვირილები მზესთან ერთად ჩამოსცქერიან...
* * * * * * *
როდესაც ცამ და დედამიწამ ერთმანეთი პირველად იხილეს- მაშინ დაიბადა პირველი ყვავილი.
* * * * * * *
ძილში იგრძნო სივრცის დადუმება და გამოეღვიძა.
* * * * * * *
როგორც ბაღიდან სურნელება ლექსი გამოვიდა გულიდან...
* * * * * * *
ან ქორი დაგინახავს ან-თოფის ლულა როდესაც კენწეროზე გალობ.
* * * * * * *
ქმარი კედლისკენ გადაბრუნდა და ცოლი უყურებს ჭერს რომელიც მისთვის ლამაზი აღარაა.
* * * * * * *
ბიბილოებთან კულულებთან კისრის ბუსუსებთან - ყველგან უხილავი ყვავილი გელის.
* * * * * * *
სიგრილე - ციდან მონაბერი, დესპანი წვიმისა.
* * * * * * *
მამა სახლის კიბე და კარია, დედა-კერა და კელაპტარი, შვილები-სარკმლები...
* * * * * * *
მაუსი - ზღარბი ეკლებგაცლილი, ელვასავით სწრაფი მეძებარი.
* * * * * * *
როგორ არ ამღერდება ფიქრი, ღრუბლებს რომ ასცდები და მწვერვალი შენით ამაღლდება.
* * * * * * *
მაგიდაზე დანა და სანთელი ფუტკარი - მათ შორის აწრიალებული.
* * * * * * *
კაშნე ისე მოიხვია თითქოს ამბობს ცხოვრება მახრჩობსო.
* * * * * * *
აღარ იქნება ცათამბჯენი ვისკი და როკენროლი იქნება ქოხი წყარო და სალამური.
* * * * * * *
მოწყენილობიდან სიყვარულმა გამომიყვანა როგორც მზემ დედამიწა ღამიდან.
* * * * * * *
ნახატზე ცა არა ჩანს მაგრამ მისი სიჩუმე და ფერი იგრძნობა.
* * * * * * *
ვერლიბრისტები - პოეზიის წვიმაში გამოვლილი პროზაიკოსები.
* * * * * * *
დიდი ხნის წინათ დაკლული ხარის ჩრდილი დაობლებულ ურემთან.
* * * * * * *
დედის გული ჰქონია ზამთარს - თოვლით დაგითბუნა სახლი და ვენახი...
* * * * * * *
საკიდზე ერთურთის მოშორებით ნაბდის ქუდი გამოხუნებული და ახალი მბზინავი ცილინდრი.
* * * * * * *
დედა სადაცაა იქ ყველაფერია სიცივის გარდა.
* * * * * * *
ტაშს ისე უკრავს თითქოს ხელებს შორის პეპელა ეგულება და არ უნდა რომ ფრთები ატკინოს.
* * * * * * *
გაზაფხული - ერთადერთი და მარადიული რეკლამა გაზაფხულის.
* * * * * * *
ღილი - ქმრის დაბინდული ხალათიდან სევდიანი სინაზით ახსნილი და კალთაში იმ ღილის მომლოდინე ხალათი შვილისა...
* * * * * * *
ხიდამდე ბავშვის და კაცის კვალი ხიდზე მხოლოდ კაცისა და მერე ისევ ერთმანეთში ლამაზად არეული ნაფეხურები დიდი და პატარა.
* * * * * * *
ეგ ელვა არ იყო - ღრუბლები გაზაფხულთან შეხვედრას გილოცავენ.
* * * * * * *
და გტკივა მოყვასი რომელიც გახარებული მხოლოდ სიზმარშია - ლარნაკის ყვავილივით.
* * * * * * *
პატრონი შორსაა და შემოდგომის ბილიკებივით მოიწყინეს გიტარის სიმებმა.
* * * * * * *
მეუღლის სკამი ცალი ხელით კუთხეში უხეშად შეაჩოჩა ადრე ორი ხელით იღებდა და ნაზად უხმაუროდ დგამდა ხალიჩაზე.
* * * * * * *
მონატრების სიტყვები ხარობენ და იტანჯებიან როგორც ყვავილები ღობის ღრიჭოებში.
* * * * * * *
მისი ჩრდილი შენს ჩრდილში შემოვიდა მზის გასახარებლად.
* * * * * * *
ხან ბნელში ატარეს ხან გეზი შეუცვალეს და მაინც მიუვიდა ზღვას და შორეული მწვერვალების სიჩუმე უსახსოვრა
* * * * * * *
ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო ცხრა მთის გადაღმა, შვილის გზაზე იებად ამოდის ...
* * * * * * *
ყვავილის გაშლის ხმას უფრო გაიგონებ ვიდრე დედის ნაბიჯებისას აკვნის სიახლოვეს.
* * * * * * *
რამდენი რამე გავიწყდება რამდენი რამე გახსენდება წაქცეული ხე როცა ყვავილობს.
* * * * * * *
უმზეო სითბოთი მოთენთილი სიტყვაგაუმტარი გულები.
* * * * * * *
მაგრამ როცა შენი ხმა ახლოვდება გულიდან გამოსვლას არ აცლიან ერთმანეთს სიტყვები...
* * * * * * *
წელში მოხრილი ბებერი ხე ცარიელი ბუდით - თითქოს მოწყალებას მოელის.
* * * * * * *
ბაღმა მოიწყინა დაღონდა წყალიო ალიონს ვეკითხები(და მერე საღამოს) სადაა ან როგორ არიო...
* * * * * * *
მაგრამ ღმერთის სითბო სხვაგვარად ლამაზია ჩრდილისა და სინათლის საზღვარზე...
* * * * * * *
დედობის ასაკი რომ ჩაივლის და ქალი გაკრეფილ ბაღს დაემსგავსება მაშინ გამოჩნდება ვინაა მებაღე.
* * * * * * *
ძილის წინ იტყოდა დედა: "ღმერთო უშველე ჩემ შვილებსა" მაშინაც ესა თქვა სამარეში როცა ჩაასვენეს.
* * * * * * *
გაჭირვებული სხვაგვარად აკაკუნებს - თითქოს სახურავზე დაცვივდა წვეთები შემოდგომის წვიმისა.
* * * * * * *
ნასკვების ნაცვლად ყვავილები ასხია ქალის ბადეს...
* * * * * * *
სიყვარულის ხმა გაიშვიათდა აქა-იქ ზანზალაკი წკრიალებს მოწონების.
* * * * * * *
შეფიქრიანდა მოიწყინა დაღამდა მონიტორი მაუსი დაემსგავსა სამარეს ჩიტისას.
* * * * * * *
ოდესღაც კალიები არა ხტუნაობდნენ მაგრამ როცა სიყვარული მათთანაც მივიდა...
* * * * * * *
სახეზე ხელები აიფარა - ესაა მისი გალავანი და შენი სირცხვილი.
* * * * * * *
ვით სხივმა ყვავილები თითმა ტელეფონის ციფრები მოიარა.
* * * * * * *
არ დაგავიწყდება ღრუბელი რომელსაც შენი ბაღი მოურწყავს და სახლში სითბო შემოუტანია ჩრდილის კალათებით.
* * * * * * *
ტანჯული მგზავრებივით არიან ხანდახან სიტყვა და ლუკმა - ერთი ვერ გადადის, მეორე ვერ გადმოდის ყელში.
* * * * * * *
კაცი ჭრიდა ხეს (მწვანე ბინდში ელავდა ნაჯახი) და ხე კაცს უჩრდილებდა, სანამ ფესვზე დგომა შეეძლო.
* * * * * * *
ვარსკვლავები მოისხა ხემ, რომელიც ჯერ ფოთლებმა მიატოვეს და მერე - ფრინველებმა.
* * * * * * *
ყვავილს სხივისაგან არეულ წამწამებს ვუსწორებდი და არ გამიგია როგორ ჩამიარა სიკვდილმა გვერდით.
* * * * * * *
მაგრამ ზოგი მწვერვალი იმისთვის არსებობს, რომ მზერით შეეხო მხოლოდ.
* * * * * * *
თაროზე - ჭიანჭველა, ფურცელზე - კალამი და ჭერზე ობობა ფუსფუსებს.
* * * * * * *
იჭექა და ფრინველი ღრუბელში ჩაუვარდა ელვით განათებულ ანძას.
* * * * * * *
და ძალიან ღარიბი იყო - მხოლოდ ცაში ხედავდა მზესა და ვარსკვლავებს.
* * * * * * *
ზოგიერთი მათხოვრის თვალებში იმდენი სევდაა, რომ ფულის მიცემა გავიწყდება.
* * * * * * *
ბაბუაწვერაზე მძიმე არასოდეს ყოფილა საფულე დედისა.
* * * * * * *
ფეხებმა ქოშები მოიჩოჩეს და ხელმა გაუცინა ხელს - "წვერს ვერ გაპარსავენ ეგენი პატრონს და ვერც ცილინდრს მიაწოდებენო."
* * * * * * *
როდესაც მზის პირველი ამოსვლა იხილა სიხარულისაგან შეირხა დედამიწა და წყარო დაებადა კალთაში.
* * * * * * *
სიცოცხლის სილამაზე ესაა - წყაროსთან დაჩოქება და მდინარეებთან ჭიდილი.
* * * * * * *
თავი ერთ ქალთან დარჩენია, გული - მეორესთან და სიცარიელით მოხიბლა მესამე.
* * * * * * *
მაგრამ ზოგჯერ სუსტია მიწისძვრა, იმით თუ მიხვდები, წყალი რომ ათრთოლდება ჭიქაში.
* * * * * * *
პატრონის სახისაკენ ახედვა, რაც დრო გადის, უფრო ეძნელებათ ცარიელ ჯიბეებს.
* * * * * * *
ძველისძველი მაგიდის ნამსხვრევები ჩაყარა კოცონში და ვერ შეამჩნია ცეცხლიდან გამოწვდილი ხელები.
* * * * * * *
საიქიოში ყველა ლამაზია, რადგან იქ აღარავინ ატარებს ნიღაბს.
* * * * * * *
სანამ ხეს შემოჰკრავდა, ნაჯახმა ყვავილები მოისხა ფხაზე და კაცი შეკრთა და გამოეღვიძა...
* * * * * * *
წიგნი დაიხურა, ლოგინი გაიშალა, დადუმდა ონკანი და გაუჩინარდა ბნელში ნათურა თავდახრილი.
* * * * * * *
სანთელთან დაწყებული ლექსი წყაროსთან დასრულდა.
* * * * * * *
აქა-იქ ამოშლილი და გახუნებული ბარათივით ემჩნევა დედამიწას განახევრებული სოფელი.
* * * * * * *
წიგნი ცეცხლში ჩააგდეს და ავტორს შესცივდა სამარეში...
* * * * * * *
ნატკენ ფრთაზე კრაზანას ფუტკარმა მალამო დაადო და ღმერთს ცრემლი მოადგა თვალებზე.
* * * * * * *
სივრცეში - ღრუბელი ღრუბელში - მე და ჩემში ტკივილი ისვენებს.
* * * * * * *
ქვაკაცა მგზავრი იყო და ისე გააოცეს სივრცემ და დედამიწამ - ერთ ადგილზე დგას გაოგნებული.
* * * * * * *
მაგრამ ზოგჯერ კედლიდან კედლამდე რამხელა მანძილია ტანჯვით გასავლელი.
* * * * * * *
ქალს ეკლიანი ტოტი გამოედო და ქმარი გაახსენდა.
* * * * * * *
უცებ მქისე ხმაურით გაიღო ფანჯარა და კედელს მეზობლისას სილასავით შემოჰკრა სინათლის ანარეკლი.
* * * * * * *
და ფრთხილად მიიხურა კარი, თითქოს მის გარეთა მხარეზე დაფენილ შუქს უფრთხილდებოდა.
* * * * * * *
მგზავრი აღმართზე კითხვის ნიშანს წააგავს მწვერვალზე - ძახილისას.
* * * * * * *
ქალს ღილის შეკვრაზედაც ეტყობა უყვარხარ თუ არა.
* * * * * * *
ესაც ღმერთმა ინება - თითისტარი და კელაპტარი რომ ჰგვანან ერთმანეთს.
* * * * * * *
სივრცეში გაზაფხულის სიჩუმე გამოჩნდა რომელიც მალე დაამშვენა კვირტების მუსიკამ.
* * * * * * *
გადაძახილ-გადმოძახილი: მაღლა - ვარსკვლავების და დაბლა - გულების.
* * * * * * *
ერთნაირად ღარიბნი არიან - ვინც ბედნიერი მხოლოდ სიზმარშია და ვინც უბედური ცხადშია მხოლოდ...
* * * * * * *
როგორც დილის ნათელი დაბურულ ხეობაში - ქალი კაცში შევიდა. დაბრუნება პირველად სარკმლიანმა კედელმა იცნო და დანარჩენებსაც ახარა.
* * * * * * *
წინაპრები ფეხზე წამოუდგნენ და ისე მოეწონათ ვინღა გამოუშვებდა სამზეოზე.
* * * * * * *
საქართველო წააგავს ხალიჩას რომლის ნაპირებიც გამოხრა ჩრჩილმა და ახლა გულისაკენ მიიწევს.
* * * * * * *
პირველად ღმერთი იგრძნობს ყვავილის მოწყვეტას და მერე - დედამიწა...
* * * * * * *
ცაში არა - სადღაც რომელიღაც გულშია ვარსკვლავი ბედისა. |
















