მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 267 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არც ხალიჩით დაფრინავდნენ, არც რაშებით დაჰქროდნენ,

სამნი ძმანი ერთ ჭერქვეშ და ერთ ჯალაბად სახლობდნენ;

უფროსი და შუათანა ვაზს და ხეხილს ამყნობდნენ,

უმცროსი ძმა ბუხარს უჯდა, ჯერჯერობით ხათრობდნენ:

ოცი წელი ნაბოლარას დაკაცებას ნატრობდნენ -

სამწუხაროდ, სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს ატყობდნენ.


ძმები წელზე ფეხს იდგამდნენ, ძმა მშრომელი ვერ ჰყავდათ,

ბუხარს უჯდა ნაბოლარა, ჯამს და ჩოგანს ხეხავდა;

შეშას გვერდით დაუწყობდნენ, სკამზე მჯდომი ჩეხავდა,

ნაკვერჩხალზე გოგრას სწვავდა, წაბლს და ტაროს ხეთქავდა,

ერქვა ნაცარქექია, რაკი ნაცარს ქექავდა.


ძმები ეჩხუბებოდნენ: - წელი აათრიეო!

ადექ, ბიჭო, გეყო გდება, ბუხარს გააღწიეო!

ტყეში ჩინჩხვარს მაინც ნახავ, წკირი წაამტვრიეო,

მიდექ-მოდექ, შე მუდრეგო, ხელი გაანძრიეო!


სათოხრიდან, აყალოში ამოთხვრილი ფეხებით,

შინ დაბრუნდნენ ძმები ერთხელ, უთხრეს: - ძმაო, გეყრებით!

ამოდენა ეს ქვეყანა ზღვებით, მთებით, ქვეყნებით -

გასწი, შენთვის დაგვითმია, ჩვენ ჩვენს ქოხში ვეყრებით!


არ ელოდა ძმებისგან ასეთ ლახვარს საწყალი,

უთხრა: - ძმებო, თქვენც იცით, არც ღვინო ვარ, არც წყალი,

ჩემი დღე და მოსწრება ვარ ნაცარში ჩამწვარი,

ჩემი არაფერია, ამ ოჯახში რაც არი.


წავალ, თან გამატანეთ სადგისი და ბაწარი.

ერთი წველა ჭყინტი ყველი, ერთი გუდა ნაცარი... -

ძმებმა ერთიმეორეს ეჭვით ახედ-დახედეს,

რაც ითხოვა, ჩაუწყეს, ქოხის კარი დაკეტეს,

გზაზე გაიყვანეს და გუდა ზურგზე აჰკიდეს.


შინიდან გაგდებული, უფროს ძმებზე გამწყრალი,

ადგა ნაცარქექია, გზას გაუდგა საწყალი.

ნაცრის ქექვის ოსტატი და შინ გდებას ჩვეული

მიდის, მიდის, მაგრამ გზა არ თავდება წყეული.

 

ცხრა მთა გადაიარა, ცხრა მთა ისევ წინ არის,

შუადღისას მიადგა ვებერთელა მდინარეს.

რა ჰქნას ნაცარქექიამ, სულ ტყუილად ფაცურობს,

ამოდენა მდინარე რანაირად გაცუროს!


დაჯდა ბიჭი წყლის პირას, მუხის ჩრდილში ისვენებს,

ბუხარს, წაბლის ტკაცატკუცს, ტკბილ ცხოვრებას იხსენებს.

ფიქრობს: „წყალში შესვლისგან ღმერთმა დამიფაროსო,

ეგებ ვინმე გამოჩნდეს, გაღმა გამიყვანოსო!“


ცაში მზე ბრიალებდა, სამხრობამდე ცხელოდა,

ცოტა კიდეც წათვლიმა, წყალში გამყვანს ელოდა.

მზის ჩასვლისას გაისმა წყლის ჩქაფანის ხმა უცხო,

გაღმა ვიღაც მოადგა წყალს და ხვრეპა დაუწყო.


გაიხედა, რას ხედავს, ბანჯგვლიანი დევია,

ნახევარი მდინარე ყბაში მოუქცევია. 

ჯერ იყო და, შეშინდა, ლამის ბოლო მოეღო,

გული გაიმამაცა, ბოლოს ჭკუას მოეგო;


გულმოსულად გასძახა: - სწორედ კარგ დროს გამოჩნდი.

მანდ ვინ ხარ და რომელი, რა ბიჭიც ხარ, გამოგცდი!

შორი გზები მივლია, ცოტა დავიღალეო,

აქ მო, ბეჭზე, შემისვი, გაღმა გამიყვანეო!


დევმა წყლის სმა შეწყვიტა: - მაცოდინა ნეტაო,

თვითონ ვინ ხარ, რა გქვია, მაგ სიტყვას რომ ბედავო! -

გაწყრა ნაცარქექია, უთხრა: - სინდისს ვფიცავარ.

რომ არ მებრალებოდე, გიჩვენებდი ვინცა ვარ!


შე ბრიყვო და რეგვენო, ბატისტვინავ რქიანო,

ვერ მიცანი, შე შტერო, ვერმიცანა მქვიანო!

ჩემი ღონის ამბავი მიკვირს, რომ არ გსმენია.

ჭურში ხომ არ იჯექი, შენს მაგივრად მრცხვენია!


მიწას ხელი რომ ვტაცო და ზეცაში ვისროლო,

დაიქცევა ქვეყანა, მერე სადღა ვიცხოვრო!

ტიტლიკანავ, რქიანო, უსირცხვილოდ შიშველო.

იქნებ ჩემი ძალ-ღონე, გინდა, აქვე გიჩვენო!


აბა, მორიგეობით ჩვენ რიყის ქვა ავიღოთ,

მოვუჭიროთ ხელი და მჯობნის-მჯობნი გავიგოთ.

ვინც ქვას წვენი ადინოს, ძლევაც იმას ერგუნოს,

წვერიც იმას ესხას და ქუდიც იმას ეხუროს! -


ბაყბაყდევი წამოხტა, გაცოფდა და გაკვირდა,

- ეს ვინ მეჯიბრებაო! - სიმწრისაგან აყვირდა;

ლოდს ეძგერა რიყეში, ბრაზით ციმციმ ასწია,

მოუჭირა ხელი და სულ ნაფხვენად აქცია.


დასწვდა ნაცარქექიაც, ვითომ თეთრ ქვას რიყეში,

ჭყინტი ყველი ეჭირა ქვის მაგივრად იმ ხელში,

- აჰა, კარგად ნახეო! - წინ წამოდგა ყუნცულით,

მოუჭირა და წვენი გაადინა წურწურით.


- ვინ ყოფილა ესაო! - ბაყბაყდევი გაკვირდა.

- ერთიც შემეჯიბრეო! - ახირდა და აყვირდა.

ხოლო ნაცარქექიამ ასე უთხრა ბაყბაყდევს:

- ბევრი წაუხდენია ჯიბრს და ბევრსაც წაახდენს!


კი, ბატონო, გავიქცეთ, საქმემ გვასახელოსო,

ვნახოთ ერთი, ვინ მეტი მტვერი დააყენოსო!

აძუნძულდა წყალგაღმა ბაყბაყდევი ღრიალით,

სიპი ქვების ლაწანით, ქვიშა-ღორღის ხრიალით.


ჰკითხა ნაცარქექიამ: - რას ღრიალებ ნეტავო?

შენ ძუნძული გცოდნია, მტვერს კი ვერსად ვხედავო! -

გაკუნკულდა რიყეში თვითონ, როგორც ყურცქვიტა,

გუდა-ნაცარს სადგისი უჩხვლიტა და უჩხვლიტა.


გამოიბნა ნაცარი, ბოლავს გუდა მთა-ბარად;

ნაცრისფერმა ღრუბელმა მთა და ბარი დაფარა.

- თვალით ვერას ვხედავო! - ბაყბაყდევი აყვირდა,

- ვინ ყოფილა ესაო! - შეშინდა და გაკვირდა;


ყურმოჭრილად ეახლა, ხვეწნით სთხოვა შენდობა,

შემოისვა კისერზე, მდინარეში შეტოპა.

მუხლამდე რომ მოადგა წყალი აქეთ-იქითგან,

შუაზე რომ შევიდნენ, დევმა ეჭვით იკითხა:


- ბატონო ვერმიცანავ, თუ არ გეწყინებაო,

თქვენისთანა ვაჟკაცი სულ არ მემძიმებაო! -

- რაო, ბიჭო, რა ბრძანე?! აფსუს, მჩატეც მიწოდე!

შენ რომ ჩემი სიმძიმის საიდუმლო იცოდე,


მაგას აღარ იტყოდი, აღარ წამოროშავდი,

არ შეგიშვან ხელიო, ხვეწნით ჭირსაც მომჭამდი.

მაშ, შენ არც კი გცოდნია, ასე მჩატე რითი ვარ:

უჩინარი ბაწრებით მაღლა ცაში ვკიდივარ.


ცაში რომ არ მიჭერდნენ, სიმძიმისგან იმ წამში

ჩაგიტანდი ქვესკნელში, ჩაგმარხავდი მიწაში.

ვიცი, გაინტერესებს, ვეტყვი, ხელი შემიშვან,

ბარემ ჩემი სიმძიმის საიდუმლოც შეიცან.


ეს თქვა ნაცარქექიამ, სადგისი დააღირა,

მოიკრიბა ღონე და კისერში დააჭირა.

- ვინ ყოფილა ესაო! - ბაყბაყდევი გაკვირდა, -

- კვლავ ზეცაში აგწიონ, უბრძანეო! - აყვირდა.


რაკი ნაცარქექიამ თავი უკვე გააცნო

და წყალგაღმაც გავიდნენ, დევს სადგისი დააძრო.

უთხრა: - აღარ მჭირდები, სჯობს, დავცილდეთ აწიო;

მე ჩემი გზით წავალ და შენ შენი გზით გასწიო!


მაგრამ დევი წასვლაზე ფეხს აშკარად ითრევდა,

რაღაც ჰქონდა სათქმელი, თითებს მორცხვად იმტვრევდა.

უთხრა ნაცარქექიამ: - არ მეთმობი, დაგკარგო,

რაო, დევო, მითხარი, გუნებაში რა გაქო?!


დევმა მკვირცხლად მიუგო, არ დაიბნა მჭადივით:

- ბატონო ვერმიცანავ, უნდა დამდო პატივი,

სახლი მაქვს და კარი მაქვს (მკლავში ხელიც გამოდო),

თითო კოკა დავლიოთ, კაი პური ვჭამოთო!


დევმა ნაცარქექია დაითანხმა ადვილად:

- აგრე გეთქვა, შე კაცო, მეც მომშივდა ნამდვილად! -

ოღონდ ესეც დასძინა: - სუკს გააჩენ თუკიო!..

ირმის სუკს გეახლები, მიყვარს ირმის სუკიო! -


ბაყბაყდევმა იხარა: - გეფიცები შვილებსო,

აგერ, კორდზე გადავალ, წუთში მოვკლავ ირემსო!

შეთანხმდნენ და იარეს, მამაცსა და ხერხიანს,

თავის კოშკში შეუძღვა დევი ნაცარქექიას.


დევმა ცომი მოზილა, კეცზე პური დააცხო,

შვილდ-ისარი ჩამოხსნა, სანადიროდ გააწყო,

სტუმარს უთხრა: - თუ ძმა ხარ, ნუ მოგივა გულიო,

სანამ ირემს მოვკლავდე, მაგ პურს უგდე ყურიო!


მარტო დარჩნენ სტუმარი და ბუხარი ღუღუნა,

დაჯდა ნაცარქექია, პურის ცხობას უყურა.

პურს რომ გვერდი შეებრაწა, კეცს დაუწყო ჩხუკური,

წამოექცა უცბად კეცი, ზედ წაემხო გრუხუნით.


მალე დევიც დაბრუნდა ბეჭზე ნანადირევით;

ხედავს, მარცხი მოსვლია სტუმარს დანამდვილებით.

ნამეტნავად შეწუხდა, შინ რომ დახვდა დომხალი:

- ეგ, რა დაგმართნიაო? უჰ, ღმერთო კი მომკალი!


- როგორ თუ დამმართნია?! შე მთხლევ, რაებს ბედავო?!

მომკლა მუცლის ტკივილმა, კეცით ვწამლობ, ხედავო?!

უკვე გადამიარა, არა მიშავს აწიო,

ამაცალე ეს კეცი, მოდი, ბიჭო, ასწიო! -


დევმა ზედმეტ შეკითხვებს უმალ თავი ანება,

შეშინდა და საჩქაროდ შეუსრულა ბრძანება...

ირემს მწვადი ააჭრეს, კვლავ შერიგდნენ ამჯერად,

ქვევრს სარქველი მოხადეს, დასხდნენ პურის საჭმელად.


შუა პურისჭამაში ჩხუბი მაინც არ ასცდათ:

ცხვირი დააცემინა ბაყბაყდევმა ანაზდად.

ცხვირის დაცემინებამ სტუმრის სკამი შეაფრთხო,

როგორც ბოთლმა საცობი, უცბად ჭერში შეაგდო.


დევი ვერ მიმხვდარიყო, ამისთანა რა მოხდა,

რისგან იყო, სტუმარი სკამიდან რომ წამოხტა.

ფრთხილად ჰკითხა ქვემოდან: - რა ვქნა, ვერა ვხვდებიო,

მაინც, რა გაწყენინე, ან მანდ რასა შვრებიო?!


თავხეს დაკიდებული, როგორც რამე კაუჭი,

გაწყრა ნაცარქექია, კოჭს დაუწყო ბღაუჭი:

- როგორ თუ რას ვშვრებიო? აქ ამ ჩხირს ხომ ხედავო?!

ცხვირის დაცემინებას ჩემთან როგორ ბედავო?!


ისე დაგკრა ეს ჩხირი, ვეღარ დააცემინო,

თავთხლე გადაგადინო, სული გაგაცხებინო! -

ბაყბაყდევი შეშინდა, ამან დასცა თავზარი -

გაიფიქრა: - ეს თავხე ძლივს მოვჭერ და დავძარი,


ამან ჩხირი უწოდა, უშველებელ ხესაო,

თან ცხინკებას მიკრძალავს, ვინ ყოფილა ესაო!

ეგ, ერთხელაც იქნება, თავში რამეს დამკრავსო,

ან თხასავით ტყავს გამხდის, ან ხარსავით დამკლავსო!


ესა თქვა და იღმუვლა, ესა თქვა და აბღავლდა,

თავში ხელი წაიშინა, ცხრა მთას იქით გავარდა...

ხოლო ნაცარქექიას, გამგონს გაეგონება,

დარჩა დევის სახლ-კარი, საუნჯე და ქონება.


რაც იჩხუბა - საქმიანად, სარფიანად იჩხუბა:

ხელი უშვა თავხეს და იატაკზე ისკუპა...

სამ დღეს უჯდა გაშლილ სუფრას, კარგს ჭამდა და კარგს სვამდა,

დევის ნანადირევი სანამ ეყო, მწვადს სწვავდა.


მეოთხე დღემ რომ ინათა, თავის ძმები ინატრა;

გამოაღო თავლის კარი, შიგ თეთრონი ბრწყინავდა.

ცხენმა დაილაპარაკა: ელვად მივქრი-მოვქრიო,

სამჯერ დამკარ მათრახი და წუთში შენს ძმებს მოგგვრიო...


ზღაპარ - იყო, ზღაპარ - იყო,

ზღაპარს ძმები ამკობდნენ:

სამნი ძმანი დევის კოშკში ერთ ჯალაბად სახლობდნენ;

უფროსი და შუათანა აღარაფერს ნაღვლობდნენ,

დევის კაი მამულს ხნავდნენ, დევის ხეხილს ამყნობდნენ;


უმცროსი ძმა ბუხარს უჯდა, ნაცარს ქექდა მარტოდენ,

იჯდა თურქის ხონთქარივით, რა თქმა უნდა, ხათრობდნენ,

კაი პურით აპურებდნენ, კაი ღვინით ათრობდნენ;

- ღმერთო, ას წელს გვიცოცხლეო უმცროსი ძმა! - ნატრობდნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ