თეიმურაზ ჯანგულაშვილი
მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნას
მღიმარე თვალი, კეთილი სახე...
მე ბავშვობისას ის ერთხელ ვნახე.
ტაშისკრის კართან გვენთო კოცონი,
ტაშმა აგვიწვა ხელისგულები,
სიცოცხლის ბაგით დასაკოცნელი
მაღლა ვისროლეთ თაიგულები.
მოჩქეფდა მტკვარი დაუდუმარი,
მთებზე საღამო იწვა ბნელ-მუქად,
იმ დღეს ესტუმრა ბანაკს სტუმარი,
ნორჩ ტყეში ჩადგა დიდი ბერმუხა.
ვაშას ძახილი გაიჭრა ველზე,
მთებზე არბოდა სიო ველისა.
ღაწვალეწილმა დავკიდე ყელზე
მას ყელსახვევი პიონერისა.
გააჟრიალათ ბალახებს რძიანს,
კოცონის შუქზე აცეკვდნენ ხენი;
მერე მუხლებზე დამისვა ძიამ
და მხარზე ნაზად დამადო ხელი.
ბევრი ამბები გვიამბო ბავშვებს,
ბავშვად გადიქცა კაცი ამხელა
და მშობლიური ღიმილით სავსემ
კიდეც გვაცეკვა, კიდეც გვამღერა.
გვითხრა, რომ ხალხი მუდამ ახსენებს
სწავლის არსენებს, შრომის არსენებს,
დაიზარდეთო, მშობელი ხალხის
და ქვეყნის ტრფობა ნურც მოგასვენებთ
...და ვიგონებდი იმ ღამეს ბევრჯერ,
გვქონდა სიმღერა, ცეკვა თუ ლახტი,
მე მას სიზმარშიც კალთაში ვეჯექ
და თან არსენას ბიჭებსაც ვახლდი.
მუდამ უკვდავი, რომ არის, ვიცი,
დამტყვევებელი ჩვენი გულების,
მაგრამ... სად ვნახო სამარე მისი,―
მივიდე, მოვრთო თაიგულებით...
კეთილი გული, კეთილი სახე...
მე ბავშვობისას სულ ერთხელ ვნახე.
*
შალვა ფორჩხიძე
მიხეილ ჯავახიშვილს
წამების დროს მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: რატომ მტანჯავთ, საქართველოში ისეთი მუხა მაქვს დარგული, მის ფესვებს ვერ ამოთხრით ქართველი ხალხის გულიდანო...
შენ გაწამებდნენ საქართველოს სიყვარულისთვის
და დაგილეწეს ჯალათებმა სუსტი ნეკნები,
რამეთუ იყავ კაცი წმინდა სულისკვეთების,
ამოგიშანთეს ბრძენ თვალებში სინათლის სხივი...
ჩამოწვა ღამე, დაგიბრუნდა ცარგვალი რისხვით,
ბნელ ჯურღმულებში განთხევინეს ცხარე ცრემლები,
ტიროდა ხატი, წაბილწული ბინძურ ხელებით
სამშობლოს მიწა გააჯერეს უცოდველ სისხლით...
წუხდი ნაგვემი, გავერანდა ცხოვრება შენი,
გაუდაბურდა გლეხის ქოხი, მწყემსის კარავი
და გარეწრებმა შეგიწირეს ვით ქრისტეს კრავი...
მაგრამ ვერ ჩაკლეს სული შენი, სამშობლოს მშვენი
შენი მდიდარი წიგნებითა და ნათესებით,
ვერ ამოთხარეს უკვდავი მუხის მძლავრი ფესვები...
*
ფაუსტ ნადარაია
ფიქრები მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ წაკითხვის შემდეგ
რად გინდა ჭკუა და განათლება,
თუ ამ ცხოვრებას არ დაჰკარ თვალი,
თუ საკუთარ თავს თვითონვე არ ჰქმნი,
ხარ უხერხემლო, სუსტი და მხდალი,
თუ ბოროტებას არ გაუმკლავდი,
და არ იშიშვლე ერთხელაც ხმალი.
აბა მარტოდენ წიგნების ქექვამ
ბრინკას რა არგო, შენ რამე გარგოს,
თუ ჯაყოს დღესვე არ მოიშორებ,
გაგიბახებენ ამაღამ მარგოს.
უნდა დაძლიო მორალი მონის
და რეალობას შეხედო მკაცრად,
როგორც სიკეთე, ისე სიავე
უნდა მიუზღა სხვებს ერთი ასად,
უნდა შეეშვა იმ ილუზიებს,
რაც შენს ცხოვრებას ეცემა ნავსად,
თორემ ამქვეყნად შენი ადგილი
აღარ იქნება არასდროს არსად.
აბა უმიზნო ლანდების დევნამ
ბრინკას რა არგო, შენ რამე გარგოს,
თუ ჯაყოს დღესვე არ მოიშორებ,
გაგიბახებენ ამაღამ მარგოს.
უნდა მიიღო შენ ეს ცხოვრება,
როგორიც არის- მრუდე თუ წრფელი,
შენ თავს შენ თვითონ უნდა მიხედო,
შვებას სხვებისგან ნურასდროს ელი,
უნდა გიყვარდეს მოყვასი შენი,
ხამს გაუწოდო ძმას ძმურად ხელი,
მაგრამ მტერს მტრულად უნდა დაუხვდე,
მგელთან ყოველთვის იყავი მგელი.
აბა, ცხვარივით თვინიერენამ,
ბრინკას რა არგო, შენ რამე გარგოს,
თუ ჯაყოს დღესვე არ მოიშორებ,
გაგიბახებენ ამაღამ მარგოს.
რად გინდა ჭკუა და განათლება,
თუ ამ ცხოვრებას არ დაჰკარ თვალი,
თუ საკუთარ თავს თვითონვე არ ჰქმნი,
ხარ უხერხემლო, სუსტი და მხდალი,
ის, რაც შენია, სხვამ თუ წაგართვა
და აბატონე პირუტყვი მყრალი,
კაცი კი არა, შენ ხარ კაცუნა
და უფრო მეტიც,
შენა ხარ ჩვარი.
*
ელგუჯა მარღია
შეწირულთა რობაი
მიხეილ ჯავახიშვილის შესანდობარი
ღირსება როდი იხვრიტება...მკვლელსა და ჯალათს,
მწერალი თავის უკვდავებას აფარებს ფარად...
სიმართლისათვის შეწირულებს განა ჰკლავს ტყვია,-
ეპოქის სირცხვილს ისტორია ინახავს მარად...
*
მორის ფოცხიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილს
უთქმელობა სიტყვას ჟანგავს,
თქმულ სიტყვაში კრისტალდება სისხლი, -
მწუხრი იცის დიდმა დარდმა, მაგრამ
დარდმა შუქის ამოფრქვევაც იცის.
იქ, წარსულში ვიღაც გვჩაგრავს,
ცხრაკლიტულში სიმწრის ყვავილს ვიცრით, -
ხალხმა თითქმის ყველაფერი იცის, მაგრამ
ხალხმა თითქოს არაფერი იცის.
ბორგვა მისი ბუზღუნს არ ჰგავს,
მშვიდად ძერწავს თავის გრემს და ყინწვისს, -
იცის თავის გაჩუქება, მაგრამ
საქართველომ თავის ფასიც იცის!
გულმოკლული ზოგჯერ რწმენას ჰკარგავს,
ნაღვერდლებზე ფეხით გადის ციმციმ, -
ღვიძლი შვილის გამეტებაც იცის, მაგრამ
აღდგომა და გულში ჩაკვრაც იცის!
სატკივარზე თვალს დახუჭავს ალბათ,
თუნდ ეშმაკსაც შეეკვრება ფიცით, -
კუჭატნელთა აღზევებაც იცის, მაგრამ
მარაბდელთა ამხედრებაც იცის!
გენი მისი არ დაირტყამს მათრახს,
და სულ გვარზე იხტუნავებს კვიცი, -
იქნებ ჯაყოს სახლში უშვებს, მაგრამ
ჯაყოს გარეთ გაძევებაც იცის!
არ მოიშლის ფარნავაზურ ანბანს
გულთმისანი და ჯიუტად ფიცხი, -
იცის თავის მოტყუებაც, მაგრამ
სამართალმა სიმართლის გზა იცის!
ივერიას გაშლილი აქვს ფრთები,
სისხლი დუღს და სული იწვის მზისებრ
და ალგეთზე ღვთის მადლით და ნებით
მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ!!!
*
ჯანსუღ კორძაია
არა! მხოლოდ ის...
მიხეილ ჯავახიშვილი
...და ის კი არა ― მე რომ გამწირეს,
...და ის კი არა ― მე რომ მაწამეს,
არა! ამ საკნის ბნელი საკირე
და ეს ტკივილი კი არ მამწარებს,
არც ეს ― ნაგვემი ჩემი სხეული,
არც ეს ― მზარავი მიუსაფრობა,
არც ფიქრი ― ასე გზაარეული,
არც ხვალინდელი დღე და გაქრობა,
არა! მხოლოდ ის ― როგორ ვიქეცი
მოწმედ სამყაროს უღვთოდ დაქცევის,
და ამ სიმართლის უსასტიკესის―
ადამიანის ამგვარ დაცემის.
*
ჟანა ოთხვანი
ვინ ვინ არის?
(მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნას)
მტრის მხილებისთვის დასჯილ დიდ მწერალს,
ქრისტესავით ჯვარცმულს, წამებულს,
რომლის დარგულ ბერმუხასაც
საქართველოდან
ვერაფერი ვერ ამოძირკვავს,
დროა, რომ
წმინდა მიხეილად
ვახსენებდეთ შთამომავლები...
სწორედ ჯაყოს ორეულმა, სისხლიან ხელით,
ჯვარს აცვა იგი, ჯაყოების მამხილებელი...
ასე დასაჯეს სიმართლისათვის
თავის დროზე იოანე ნათლისმცემელიც...
ჯაყო ჯანყია
ღვთისა და ადამიანის წინააღმდეგ,
ქვეყნისა და სამყაროს წინააღმდეგ, -
ყველა ყაენის,
ყველა კაენის
სიმბოლოა ეს ურჩხული,
გარყვნილი და ქვეყნის გამრყვნელი,
ჯოჯოხეთიდან ამოხეთქილი
კაციჭამია მტრების სული, ბოროტი სული,,
ურცხვი, ვერაგი დამპყრობელი,
,,მოყვარე მტერი“,
ქართველთა სისხლს მოწყურებული
მყრალი პირუტყვი , მხეცად ქცეული,
თავი კაცი რომ ჰგონია, ის არაკაცი...
მარგო ვინაა, ყაფლანიშვილი?-
ის - კნეინა მარიამია, დაკნინებული
სეხნია წმინდა მარიამის,
ვის ფრესკებსაც
გუმბათმოხდილ ტაძრის კედლებზე
თვალები ტყვიით ამოსთხარეს
უამრავმა ჯაყოებმა,
კაცის მსგავსმა ურჩხულებმა,
სიცილ-ხარხარით...
მტრის მიერ ცოცხლად დამარხული
ქართლია მარგო,
გაცოცხლებას და აღდგომას რომ ელოდება...
თეიმურაზი ვინღა არის? –
ნაკაცარს კი ვუწოდებთ, მაგრამ
არაკაცს მაინც ხომ ჯობია, -
კეთილშობილი რაინდია,
ოღონდ, უდროოდ, უადგილოდ კეთილშობილი,
გულუბრყვილო ხევისთავი,
წმინდანების მოჭრილი თავი,
უძველესი წმინდა სისხლი,
უღვთოდ გასვრილი,
ყიამყრალი ჯაყოებისგან
შერცხვენილი, შეგინებული,
მტრისგან მასხარად აგდებული,
ფეხქვეშ მატლივით გასრესილი
საქართველოს მეფეთა მოდგმა,
რწმენისათვის, სიკეთისათვის
ქრისტესავით ჯვარცმული და
უღვთოდ დასჯილი ...
ეს ,,სამეული“ - სიმბოლოა
წმინდა სამების დამცირებისა -
სატანის მსახურ ჯალათთა მიერ,
ჯაყოს მსგავსი მხეცების მიერ...
და სწორედ ჯაყოს ორეულმა,
სისხლიან ხელით,
დასაჯა წმინდა მიხეილი,
სიმართლის მთქმელი,
ამქვეყნად ყველა ჯაყოების მამხილებელი,
როგორც დასაჯეს თავის დროზე
იოანე ნათლისმცემელი...
ქართული სულის გაღვიძებისთვის
და სიმართლისთვის დასჯილ მწერალს,
ქრისტესავით ჯვარცმულს, წამებულს,
რომლის დარგულ ბერმუხასაც
საქართველოდან ვერაფერი ვერ ამოძირკვავს,
დრო არის, წმინდა მიხეილად
ახსენებდეს შთამომავლობა!..
*
გიორგი ლეონიძე
მამულიშვილი, ქართლის მხატვარი
მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნას
სად დავიტირო ნეშტი ძმებისა,
სად, რომელ ცრემლით დაიჟურები...
წყება დაკაფულ ზღვის ლერწმებისა...
მათს ხსოვნას ჩოქით დავეშურები...
გადავლილ წვიმის სიმღერას ვკითხავ
შენს ბედს, ვინა გყავს მეტი მოწამე?..
დაეცი, როცა გათელეს სიტყვა,
შხამით, სიკვდილით გული მოწამლეს!
სულ გუშინ იყავ და არც კი მჯერა,
მომავალიდან მებაასები.
გიყვარდა ფანქრით სიტყვების ჭერა
და მისთვის შრომა გამეტფასებით.
შენ საქართველოს ტრფობა იცოდი...
გიყვარდა განა? არა, იწვოდი!
როგორ გიყვარდა აღფრთოვანებით
ქართლის ბუნება, ოქროყანები...
მწვანე ბაღდადი კაკლის ჭალების,
მთები - სამშობლოს შენამსჭვალები.
დილა მტკვრის პირად, ვით გაშლა ვარდის,
მინანქრიანი მინანქარები...
წმინდა ქართული სიტყვის ლაჟვარდით
დასჭიმე შენი იალქანები!
მამულიშვილი,
ქართლის მხატვარი! -
სიტყვები ვარდით შესაკონია...
თუმც ხანგრძლივ გზაზე იყავ ნატარი,
წინ მომავალიც დიდი გქონია!
ვრცელი ცხოვრება წინ დაგრჩენია,
დაგბედებია ბედი ამგვარი, -
იქნებ მიტომაც თვალსაჩენია,
კაცი აღარ ხარ, დარჩი მხატვარი!
გადადნი, როგორც ალმურზე თოვლი,
მით ხომ სიცოცხლე გადაწეულა!..
შენი ნაბრძოლი, გულით ნათრთოლი,
ხვავად ქცეულა და განძეულად!
ოცნების, ბრძოლის ნამქერში დგომა,
სამშობლოს ფიქრზე ჩამოთოება...
აჰა, მოვიდა შენი აღდგომაც,
გეყო შავეთში განმარტოება!
ნუღარ იდგები მწუხარ აჩრდილად,
აღსდექ, წამოდი ნაცარბნელიდან.
გამოგიტაცებს ჩვენი არსენა
ფრთიანი რაშით გარესკნელიდან.
მარაბდას მოხვალთ, თუგინდა მცხეთად,
დაგასხდებიან მხრებზე მტრედები,
მოდით იქ, სადაც უყვარხართ მეტად
და სადაც გიყვართ თავგამეტებით!
















